მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი.
როგორც მათ განაცხადეს, ამ ეტაპზე, მდინარე რიონის წყლის დონე ისევ დიდია და წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება არსებული ვითარების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული ბურჯის აღდგენა.
ინფორმაციისთვის, სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, რომელიც გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს). სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარით ფინანსდება.
ავტორი