ქუთაისის აეროპორტი განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა საყურადღებოდ!
დასავლეთ საქართველოში ძლიერი თოვისა და უამინდობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის უღელტეხილის გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებით ხორციელდება. გზა პარალელურ რეჟიმში იწმინდება, რის გამოც ტრასპორტის გადაადგილება ხდება დაბალი სიჩქარით.
ჩვენ მიერ მყისიერად იქნა გაფრთხილებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რათა გზებზე შექმნილი ვითარების გამო, დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან.
აღნიშნული შეეხება გამთენიისას დაგეგმილ რეისებს: ათენის რეისზე რეგისტრაციის დასრულების დრო 05:30 საათია, ბერლინის რეისზე კი- 06:00. გვსურს განვმარტოთ, რომ რეგისტრაციისა და ჩასხდომის დაწყება/დასრულების დროს საზღვრავს და მკაცრად რეგულირდება ავიაკომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი განრიგების შესაბამისად.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კოორდინაციაში ვიმყოფებით შესაბამის უწყებებთან- საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, საპატრულო პოლიციასთან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ და გზის გახსნის შემთხვევაში უპირველესად ქუთაისის აეროპორტისკენ მომავალ ავტობუსებს და მსუბუქ ავტომობილებს გაატარებენ.
არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენეთ ავიაკომპანია Wizz Air. რადგან შექმნილი ფორსმაჟორული ვითარების გამო, დაგვიანების შემთხვევაში, არ დაზარალდნენ მგზავრები.