2023 წლის 25 თებერვალს 102 წელი გავიდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან.
ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
სახელმწიფო დროშა დაეშვა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზეც.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
1921 წლის 25 თებერვალს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამი წლის შემდეგ, თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.
დამოუკიდებლობის დაკარგვას რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, პატიმრობა და გადასახლება მოჰყვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ 70 წელი გასტანა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.