„გურია ნიუსი“ დაინტერესდა როგორია იმ ადამიანების ერთი სამუშაო დღე, რომლებიც დღედაღამ ხალხის და ქვეყნის სამსახურში არიან. ვეძებდით ისეთ რესპონდენტს, რომელიც ჰოსპიტალშიც მუშაობს და გამოძახებებზეც მორიგეობს. ასეთი კი უამრავთაგან, ჩოხატაურის „მედალფას“ ჰოსპიტალური ქსელის თანამშრომელი _ ლევან მეგრელიშვილი „ვიპოვეთ“.
_ ბატონო ლევან, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
_ სიმართლე, რომ გითხრათ ჩემი მოწოდება ექიმობა არასდროს არ ყოფილა. ჩემი მდგომარეობა ბავშვობიდან რთული იყო. მქონდა ბრონქიალური ასთმა – ქრონიკული დაავადება, რომელიც უმძიმესი ფორმით მაწუხებდა მთელი 13 წლის განმავლობაში და ამან საბოლოო ჯამში იმოქმედა ჩემი ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. მინდოდა, დავხმარებოდი ადამიანებს ავადმყოფობის დროს. ასევე იყო მშობლების მხრიდანაც სურვილი, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე და ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.
_ რამდენი ხანია რაც ამ სფეროში ხართ?
_ 21 წელია ვმუშაობ ექიმად და ვცდილობ დავეხმარო იმ ადამიანებს ვისაც ვჭირდები.
_ როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე?
_ ჩემი ერთი სამუშაო დღე შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, რადგან, ძირითადად ვმუშაობ გადაუდებელი საჭიროების მქონე პაციენტებთან, სადაც ისინი ფაქტობრივად არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ესეთი მდგომარეობები ჩემს პრაქტიკაში მრავლადაა, ეს შეიძლება იყოს ტრავმა, იტნოქსიკაცია და ალერგიები, ანუ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ჩემი მორიგეობა დილიდან საღამომდე ან დილამდე გააჩნია რა სიტუაცია იქნება, ავარია , სისხლდენები თუ რაიმე სხვა, მივდივარ გამოძახებაზე და ვეხმარები ადგილზე იმ ადამიანებს ვისაც ეს სჭირდება და შემთხვევებისდა მიხედვით ვაგრძელებ მუშაობას.
_ თუ შეიძლება, რომ გაიხსენოთ ერთი დასამახსოვრებელი გამოძახება, თუნდაც კურიოზული.
_ ეს გურიაა, აქ რა გამოლევს კურიოზულ სიტუაციებს? ხშირად დავდიოდით ერთ-ერთ ქალბატონთან გამოძახებაზე, რომელსაც წნევები აწუხებდა, ერთ-ერთი ასეთი გამოძახებისას ადგილზე დაგვხვდა უამრავი შავებში ჩაცმული ხალხი, როგორც გაირკვა ამ ქალბატონს ინფარქტით გარდაცვლია მეუღლე, მივუსამძიმრეთ, გამოვთქვით მწუხარება და შევუდექით ჩვენს საქმეს, დამხმარე ექიმი ამზადებდა წამალს, რომელიც კუნთში უნდა გაკეთებულიყო, გახადეს ქალბატონს ერთი „რეიტუზი“ , მეორე, მესამე, მეხუთე არადა არ მთავრდება ეს „რეიტუზები“, მოუბრუნდა ამ ქალბატონს მეზობლის ქალი და ეუბნება: „თამარა, შენს ქმარს ინფარქტი მუუვიდოდა, აბა, რა იქნებოდა, სანამ გაგხდიდაო“.
ავტორი