შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს ხუთი ადამიანი, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტი, ცხვრების გატაცებისა და მწყემსებისთვის თავისუფლების აღკვეთის ბრალდებით. დანაშაული 4-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხმა ადამიანმა (გ.ბ.-მ , ნ.ბ.-მ, მ.რ.-მ და ზ.ბ.-მ) ძალადობის მუქარით გაიტაცა ლ.მ.-ს ფერმიდან 600 ცხვარი, დაზარალებულმა კი (გ.ბ.-სთან) დავის მოსაგვარებლად კრიმინალური ავტორიტეტი (ა.ა.) ჩართო.
“გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ა.ა.-მ და გ.ტ.-მ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მწყემსებს, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ გ.ბ.-ის კუთვნილ 1068 ცხვარს”, – წერია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 236-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს:
1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, 1976 წელს დაბადებულ მ.რ.-ს და 1972 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა;
1985 წელს დაბადებული ა.ა. დაკავებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით;
1985 წელს ლ. მ.-ს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
აქვე აღნიშნულია, რომ პოლიციამ ამოიღო “აკ-74-ის” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები – პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს ეკუთვნოდა კრიმინალურ ავტორიტეტსა (ა.ა.-ს) და მასთან ერთად ამ საქმეში ჩართულ კიდევ ერთ (გ.ტ.-ს) ბრალდებულს.