“ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, დემნა დევდარიანის შეკითხვის საპასუხოდ.
“ხალხის ძალის” მიერ წარდგენილ რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით პრაისმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ჯერ კიდევ პროცედურებს გადის, თუმცა მიუხედავად ამისა, აშშ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ხსენებული კანოპროექტის წარდგენის გამო.
,,კვლავ ძალიან შეწუხებულები ვართ უცხოელი აგენტების შესახებ წარდგენილი კანონპროექტით. იმის გამო, რომ ეს სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც მოტივირებულები არიან, რომ ააშენონ უკეთესი მომავალი საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის. ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში კანონის პოტენციური შედეგების გამო – სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის კუთხით. ჩვენი სათქმელი მარტივია, ჩვენ ეს საჯაროდაც ვთქვით და პირადადაც მივაწოდეთ – ყველა, ვინც ამ კანონპროექტს მისცემს ხმას, იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური რისკის შექმნაზე. ასეთი კანონი არ შეესაბამება იმ მისწრაფებებს, რომელსაც ქართველი ხალხი ათწლეულებია გამოხატავს“, – თქვა ნედ პრაისმა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ დაინიცირებული კანონპროექტი ამერიკულ კანონმდებლობას ეფუძნება, რაც სიმართლე არაა.
“ჩვენი კანონმდებლობა გავლენას არ ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და მათი დაფინანსების წყაროებზე”, – აღნიშანა პრაისმა.
ავტორი