ნეაპოლში კაპოდიჩინოს აეროპორტის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი ქართველი, რომელიც იტალიაში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას “კვარას” საგულშემატკივროდ ჩავიდა – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ის იმყოფებოდა “ნაპოლის” ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხეილას ქართველ მხარდამჭერთა შორის, რომლებიც ქალაქში ნაპოლი-ლაციო მატჩის საყურებლად ჩავიდნენ.
იტალიური მედიის ცნობით, დაკავებული საბერძნეთის ორი მოქალაქის მოკვლის მცდელობისთვის იძებნებოდა. კაცის იდენტიფიცირება საჰაერო-სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა, რომელიც მიზნად ისახავდა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას – კერძოდ, თბილისიდან კაპოდიჩინოს აეროპორტის მიმართულებით რეისზე.
“ნ.ი. 38 წლის ქართველი, კაპოდიჩინოს საჰაერო სასაზღვრო პოლიციის ოფისმა ევროპული დაპატიმრების ორდერის აღსრულების მიზნით დააკავა, საბერძნეთის სასამართლოს მიერ 2012 წლის ოქტომბერში გამოტანილი აღმასრულებელი სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა – მიესაჯა მკვლელობის მცდელობისთვის”,-წერს იტალიური მედია.