უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 150-ზე მეტი თავდასხმა მტრის მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტები ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობებს არ წყვეტენ.
„მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. ჩვენმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის 150-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს”, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
ამასთან, უწყების ცნობით, დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა მოწინააღმდეგის კუთვნილი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელი და სხვადასხვა ტიპის 8 დრონი ჩამოაგდეს.
„უკრაინულმა ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 14 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების პერსონალის და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს. ასევე, ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს მტრის „სუ 34“ მოიერიშე თვითმფრინავი და სხვადასხვა ტიპის 8 სადაზვერვო და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსული ძალების სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალისა და საბრძოლო მასალის კონცენტრაციის 3 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის საცავს და საწვავის 2 საცავს დაარტყეს.