ენათმეცნიერი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე „ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ კანონი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავს და რომელიც საქართველოს მოქალაქეებს „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად“ გამოაცხადებს, ხელს შეუშლის მეცნიერების განვითარებას.
„საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიერ ინიცირებული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ყოველმხრივ საზიანოა ჩვენი ქვეყნისათვის. ამ დღეებში ბევრი გამოვიდა, ვინც სერიოზულად ფიქრობს საქართველოს წინსვლასა და კეთილდღეობაზე, და ღიად გამოთქვა თავისი უარყოფითი აზრი ამ კანონპროექტზე.
მეც მიმაჩნია, რომ ეს ანტისაზოგადოებრივი კანონპროექტი, თუ ის კანონად იქცევა, დიდ ზიანს მოუტანს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ამგვარი კანონები ავტორიტარული რეჟიმებისათვის არის დამახასიათებელი, რასაც რუსეთის მაგალითზე ვხედავთ,“ – უთხრა მზექალა შანიძემ „ნეტგაზეთს“.
აკადემიკოსის თქმით, მრავალ სხვა უარყოფით შედეგთან ერთად ეს კანონი ხელს შეუშლის ჩვენში მეცნიერების განვითარებას.