გუშინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაირკვა, თუ ვის დაუპირისპირდება ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
ნეაპოლური კლუბი კენჭისყრამ „მილანს“ შეახვედრა. ამ წყვილში გამარჯვებული კი ნახევარფინალში „ინტერი“ – „ბენფიკას“ შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
შეიძლება ითქვას, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ამაზე უკეთეს წილისყრას ვერც ინატრებდა. ნეაპოლელებს ფინალისკენ გზაზე ასცდათ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“ და ლონდონის „ჩელსი“.
1/4-ფინალური წყვილები
„რეალი“ – „ჩელსი“
„ინტერი“ – „ბენფიკა“
„მანჩესტერ სიტი“ – „ბაიერნი“
„მილანი“ – „ნაპოლი“
1/2-ფინალური წყვილები
„მილანი“/“ნაპოლი“ – „ინტერი“/“ბენფიკა“
„რეალი“/“ჩელსი“ – „მანჩესტერ სიტი“/“ბაიერნი“
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩები 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალები – 9-10 და 16-17 მაისს.
წყვილში დასახელებული პირველი გუნდი დაპირისპირების სასტარტო თამაშის მასპინძელი იქნება. გამონაკლისი მხოლოდ „ინტერი“-„ბენფიკას“ წყვილი იქნება. სიმონე ინძაგის გუნდი პირველ შეხვედრას არა იტალიაში, არამედ პორტუგალიაში გამართავს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ „ინტერს“ და „მილანს“ არენა საერთო აქვთ, შესაბამისად, საშინაო მატჩებს ერთკვირიან პერიოდში ერთად ვერ ჩაატარებენ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა 10 ივნისს, სტამბოლში, ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. არენა, რომელიც 75 ათას გულშემატკივარს იტევს, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩს ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს.
ნეაპოლელი ჟურნალისტის, ემანუელე კამაროტოს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში” მომავალ სეზონშიც ითამაშებს და ეს გადაწყვეტილი ამბავია.
„კვარა“ მომავალ სეზონშიც „ნაპოლიში“ იქნება და ეს 101%-ით შემიძლია გითხრათ. ფეხბურთელის გარემოცვამ ჯუნტოლის უკვე შეატყობინა, რომ ხვიჩა ნეაპოლში ყოფნით ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს. ზაფხულამდე და ზაფხულშიც კიდევ ბევრ ინფორმაციას გავიგებთ, მაგრამ არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა ემანუელე კამაროტომ.
საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი გოგა ბითაძის „ორლანდომ“ NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი სტუმრად „ფინიქსთან“ ჩაატარა და 3 ქულის სხვაობით დამარცხდა – 113:116. 23 წლის ქართველმა ცენტრმა მოედანზე 8:14 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ახლო წარსულში ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი „შარლოტ ჰორნეტსის“ გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოლაპარაკება საკმაოდ სერიოზულია და მაიკლ ჯორდანი ორგანიზაციის სრული აქციების გადაცემას გეიბ პლოტკინზე („ჰორნეტსის“ მცირე აქციების მფლობელი) და რიკ შნელზე („ატლანტას“ აქციონერი) აპირებს.
იმ შემთხევაში, თუ ჯორდანმა „შარლოტის“ აქციები გაყიდა, იგი ფრენჩაიზის წევრი მაინც დარჩება – როგორც აქციების მცირე პაკეტის მფლობელი. NBA-ს ექვსგზის ჩემპიონი ჰორნეტსის საკონტროლო აქციების მფლობელი 2010 წელს გახდა, როცა ორგანიზაცია 275 მილიონ დოლარად ბობ ჯონსონისგან შეიძინა, 2006 წლიდან კი გუნდის ინვესტორი იყო.
„შარლოტ ჰორნეტსმა“ ჯორდანის მფლობელობაში 5 მწვრთნელი შეიცვალა, ხოლო ფლეი ოფში 2-ჯერ ითამაშა – ბოლოს 2016 წელს. ამ ხნის განმავლობაში გუნდი ფლეი ოფის პირველ რაუნდს ვერ გასცდა.
წლევანდელ სეზონში „ჰორნეტსი“ 22 მოგებითა და 49 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზეა.
ავტორი