სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დღეს ახალი მოადგილეები წარადგინა. გიორგი ბურჯანაძისა და ეკატერინე სხილაძის ადგილებს ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე დაიკავებენ.
ნათია ჯულაყიძე ალეკო ელისაშვილის დისშვილია. 2002 წლის 30 მაისს ალეკო ელისაშვილმა პარტია „მოქალაქეები“ ლევან იოსელიანთან ერთად დააფუძნა და ამ პარტიის კვოტით მიიღეს დეპუტატის მანდატი
„პუბლიკა“ ნათია ჯულაყიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა უქმნის თუ არა უხერხულობას ალეკო ელისაშვილის დის შვილობა და მისი შეფასებით, ხომ არ შეუქმნის პრობლემას მის მიმართ ნდობას ეს ფაქტი.
„უხერხულობას შემიქმნიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილი რომ იყოს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანია. ლევანთან წლებია, ვმუშაობ და ჩვენ ერთად ბევრი გვაქვს გაკეთებული, შესაბამისად, არა, არანაირ უხერხულობას არ მიქმნის ის, რომ ჩემი ნათესავი მოქმედი პარლამენტის წევრია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სახალხო დამცველის აპარატთან.“ – გვითხრა ნათია ჯულაყიძემ.
წყარო: publika.ge