დღეს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში საზეიმო ღონისძიება შედგა.
დარბაზში შეკრებილ მოსწავლეებს, პედაგოგებს, ოზურგეთის სასკოლო ცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი მიესალმა.
მან თქვა, რომ პროექტი, „ჩემი პირველი კომპიუტერი”, განათლების სამინისტროს მიერ ხორციელდება, უკვე მესამე წელია.
_დღეს აქ შეიკრიბეთ ის მოსწავლეები, ვისაც ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება გაქვთ. ახლა 82 ასეთი მოსწავლე დაჯილდოვდება კომპიუტერით. ეს არის პირველ რიგში თქვენი მასწავლებლების, მშობლების, ოჯახის მხარდაჭერის შედეგი. თქვენ ამავდროულად მოიაზრებით, როგორც მედლის კანდიდატები. ყველაზე დიდი სათხოვარი რაც მაქვს, არის ის, რომ იყოთ მეტი და მეტი ყურადღებით. თქვენ ყველა დაკვირვების ქვეშ იქნებით. ეს ნიჭიერება და გონიერება, მომავალში თქვენ უნდა გამოიყენოთ და მერე დააბრუნოთ ისევ ჩვენს მშობლიურ ქალაქში. გილოცავთ და გისურვებთ დიდ წარმატებებს, _ თქვა ლელა იმედაშვილმა.
მოსწავლეებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე მიესალმა.
_ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა თქვენს წინაშე დგომა. თქვენ ხართ ის თაობა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მოვლენები არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ მუდამ ვიბრძვით, რომ სასწავლო გარემო იყოს შესატყვისი. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ვაპირებთ გავაუმჯობესოთ სკოლების მდგომარეობა, მოხდეს რეაბილიტაცია, აშენდეს ახალი. ასევე, ვიწყებთ სტიპენდიების პროგრამას. გახსოვდეთ და იცოდეთ, იდეა ქმნის მომავალს. დარწმუნებული ვარ, თქვენ სულ გამარჯვებულები იქნებით, _ უთხრა ავთანდილ თალაკვაძემ ახალგაზრდებს.
მათ ასევე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია მიესალმა.
_ცოდნაზე და სწავლაზე უკეთესი არაფერი არაა. მე, როგორც მშობელს, განმიცდია ის სიხარული, რასაც ახლა თქვენი მშობლები განიცდიან, როცა ჩემმა ორივე შვილმა მედალზე დაამთავრა სკოლა. მაქვს მოლოდინი, რომ საუკეთესოები იქნებით! დიდი მადლობა თქვენ! _ თქვა დავით დარჩიამ.
ღონისძიების დასარულს, სცენაზე უხმეს წარჩინებულ მოსწავლეებს და მათ საჩუქრები გადასაცეს ავთანდილ თალაკვაძემ, დავით დარჩიამ, ლელა იმედაშვილმა, ასევე საკრებულოს წევრმა ქალბატონებმა.
ავტორი