არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველო” ეჭვობს, რომ შესაძლოა, 17 მარტის ღამეს დიდ დიღომში 12 წლის ანას გვამის გადამალვა სცადეს. 5 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ოჯახის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ გარემოებაზე საუბრობს.
“გარდაცვლილის ტელეფონი ნაპოვნია გვამისგან მოშორებით. წარმოდგენილი ფოტოსურათებით იკვეთება, რომ გოგონას აღენიშნებოდა სახის, შუბლის, ყურის და ზურგის არეში ნაკაწრები და დაზიანებები. დაზიანებული იყო ასევე ბავშვის ტანსაცმელი. გარდა ამისა, გოგონას გვამის განლაგება ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას”, – წერია განცხადებაში.
მასში აღნიშნულია, რომ იმ ადგილზე, სადაც 12 წლის ანა იპოვეს, ახლა კეთილმოწყობის სამუშაოებია დაწყებული:
“დღეს დანაშაულის ადგილზე მისულ დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს, დანაშაულის ადგილი სრულიად სახეცვლილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებისგან თანხმობის მიღების შემდეგ, დანაშაულის ადგილზე თბილისის მერიის ადგილობრივმა გამგეობამ, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო, რამაც საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია…
დანაშაულის ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეწყდეს იმგვარი ქმედებები, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დააზიანოს დანაშაულის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება”.
დღეს, 5 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა პროკურატურას, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებით.