რუსეთი ისევ აცხადებს, რომ „კოლექტიური დასავლეთი“ ცდილობს კონფრონტაციის გადატანას უკრაინიდან ამიერკავკასიაში, რაც გამოიხატება თბილისისადმი „პროვოკაციულ მოწოდებებში, რუსეთის წინააღმდეგ გახსნას მეორე ფრონტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“. ეს წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 5 აპრილს გამოქვეყნდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 57-ე რაუნდის დასრულების შემდეგ. ჟენევის დისკუსიებზე რუსეთის წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი.
განცხადების მიხედვით, აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ „კოლექტიური დასავლეთის“ ეს „განუწყვეტელი მცდელობები“ და „საშიში განცხადებები“ დაუშვებელია და ოპერატიული რეაქცია სჭირდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებისა და იმ ორგანიზაციებისგან, რომლებსაც წარმოადგენენ. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები არიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, სიტუაციის განხილვისას “დამაკმაყოფილებელი” იყო სოხუმის, თბილისის და ცხინვალის განწყობა, კვლავაც გამოიჩინონ თავშეკავება და სწორედ ამის შედეგად, “სიტუაცია შედარებით მშვიდი რჩება და სერიოზული ინციდენტები არ ფიქსირდება”.
რუსეთი “კოლექტიურ დასავლეთად” როგორც წესი, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მოიხსენიებს. ორივე მათგანმა არაერთხელ კატეგორიულად უარყო საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნის რაიმე მცდელობის არსებობა.
ამასთან, “მეორე ფრონტის” გახსნის გეგმაზე არაერთხელ განაცხადეს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ლიდერებმა.
“რადიო თავისუფლება”