გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქო მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მოთხოვნის და ICOMOS/ICCROM -ის სპეციალისტთა რეკომენდაციების თანახმად უპირობოდ აპირებს შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ გელათის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად.
„გვსურს საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ 2023 წლის 24 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე, დღეს, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს.
საქართველოს საპატრიარქო მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მოთხოვნის და ICOMOS/ICCROM -ის სპეციალისტთა რეკომენდაციების თანახმად(2022 წლის 28 ნოემბერიდან 2 დეკემბრამდე განხორციელებული მისიის ანგარიში) უპირობოდ აპირებს შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ გელათის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად. გადაიხედება და განახლდება გენერალური/მართვის გეგმა. შეიქმნება კონსერვაციის ახალი და მაღალი სტანდარტის საბაზისო დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება დეტალურ და სიღრმისეულ კვლევებზე. გელათის ტაძრების მხატვრობის და უპირველეს ყოვლისა ღმრთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობის გადაუდებელი მდგომარეობის გამო, ორშაბათს, 10 აპრილს, გაემგზავრება მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS/ICCROM -ის პირველი რეკომენდაციის შესრულებას,- ტაძრის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნას.
საქართველოს საპატრიარქო შექმნის გელათის სპეციალურ ვებ-გვერდს სადაც საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ განცდა, რომ ძეგლის მიმართ არ ხორციელდება ყველა დროული და საჭირო ღონისძიება, ხოლო მათ მიმართ არ გაგვაჩნია შესაბამისი პატივისცემა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.