როგორც ცნობილია, გურიის რეგიონის გზების რეაბილიტაცია, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
62 კმ სიგრძის გზის პროექტის ბიუჯეტი 58,5 მილიონ ლარს შეადგენს.
სამუშაოებს გზების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, ჩინური კომპანია “China Road & Bridge Corporation” ასრულებს.
რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის (მათ შორის ნასაკირალის მონაკვეთი), ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის, ოზურგეთი-ქობულეთის, ჩოხატაური-ზომლეთის და საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს. ამ ლოკაციებიდან არაერთგან სამუშაოები დასრულებულია.
ჩოხატაური- ნასაკირალის 8 კილომეტირანი გზის მონაკვეთის შუაში, ნასაკირალის უღელტეხილზე, ახლადდაგებული, კილომეტრნახევრიანი ასფალტის საფარი ახლახან მთლიანად აყარეს და ხელხალი დაგება უნდა მოხდეს.
გზის აღნიშნული მონაკვეთზე ჩატარებული სამუშაოების შეფასებისას, როგორ ადგილობრივები, ისე ამ გზაზე მოძრავი ტრანსპორტის მძღოლები ამბობენ, მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ნაკლებად უნახავთ.
_რა ენაღვლებათ, მასხარაობენ. ერთხელ ეს კომპანია, გასულ წელს მოხდა ეგ ამბავი, საგზაო დეპარტამენტმა დააჯარიმა. მაინც უხეიროდ გაკეთდა ყველაფერი, – ამბობენ ისინი.
აღნიშნული კომპანიის დაჯარიმების შესახებ, რომლის მიხედვითაც სანქციების გარდა, უკიდურეს შემთხვევაში, კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტაც მოხდებოდა, გასულ წელს საგზაო დეპარტამენტი იუწყებოდა.
ჯერჯერობით იგივე კომპანია, იგივე დარღვევებით მუშაობს.
გზაზე აყრილი ასფალტი რამდნიმე ადგილზე ნაწილობრივ არის თავმოყრილი. ნაწილი კი გადაყრილია ხევებში, სადაც, უფრო ქვევით მოსახლეობას საკარმიდამო თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთები აქვთ.
ამ კრიტიკულ მდგომარეობაში, გზის რეაბილიტაციაზე მომუშავე პირები გვეუბნებიან, რომ ხელახლა უნდა მოხდეს ხარისხიანი ასფალტის დაგება.
ჩვენი ინფორმაციით, ახლადდაგებული ასფალტის ხელახლა აყრის მიზეზი იყო არა მარტო ცუდი ხარისხი, არამედ სუსტი საფუძველი თვით გზის ზედაპირის. აქ არსებული სუსტი გრუნტის გამო, უნდა მომხდარიყო ნაწილობრივი ამოჭრა, მერე გამაგრება და მომდევნო ეტაპზე მოასფალტება.
თუ რატომ არ მოხდა ასე, რატომ არ აქცევს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური ყურადღებას ხევში გადაყრილ ასფალტს, რაც გარემოს დაბინძურების თვალხილული მაგალითია, ამის თაობაზე, მალე ვრცლად გიამბობთ.
ავტორი