პრემიერისთვის მიცემული ულტიმატუმი ისე ამოიწურა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა არ მოისურვა. ულტიმატუმი 3 საათზე ამოიწურა. მშობლები ამ დრომდე კანცელარიასთან იმყოფებიან და 5 საათზე გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას.
მანამდე კი მძიმე გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა კანცელარიასთან არაერთი ღამე გაათენეს და ხელისუფლებისგან მათი შვილების დახმარებას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ.
გამომდინარე იქედან, რომ დაავადება საკმაოდ იშვიათია, საუბარია სულ რამდენიმე ათეულ მოზარდზე, რომელთაც ძვირადღირებული მედიკამენტების მიღების გარეშე მძიმე მდგომარეობა ელით.
გუშინ საღამოს, აქციის ერთ–ერთი მონაწილე, თამარ იარაჯული, წერდა:
“ბატონო პრემიერო ჩვენთვის და მითუმეტეს ჩემთვის ღამე ქუჩის აქცია არაა ახალი მაგრამ ძალიან მძიმედ გვყავს რამოდენიმე მშობელს შვილები და გთხოვთ არ დაიძინოთ ისე რომ დღეს ღამე ქუჩაში მოგვიწიოს გათენება ღამის
მართლა აღარ შეგვიძლია ამდენი,
გვითხარით ხართ ჩვენი პრემიერიც?
ძალიან მარტივია ბავშვების გადარჩენის გადაწყვეტილების მიღება
ხომ წარმოგიდგენიათ რომელიმე ბავშვს რამე რომ დაემართოს ყველასთვის რამხელა პასუხისმგებლობაა თქვენი ჩვენი ყველასი.”