დღეს, იტალიის პირველობაზე, თბილისის დროით 22.45 წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება. პირველ წრეში „ნაპოლიმ“ „იუვენტუსს“ სასიკვდილო დარტყმა მიაყენა და 5:1 მოუგო. ეს თამაში იტალიური ფეხბურთის ისტორიაში საკუთარ ღირსეულ ადგილს აუცილებლად დაიკავებს. ნეაპოლელებისათვის როგორც „მოსისხლე მტერთან“ უდიდესი გამარჯვება, ტურინელებისათვის როგორც საშვილიშვილო სირცხვილი, ხოლო ქართველებისათვის როგორც ხვიჩა კვარაცხელიას გაბრწყინება (ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა).
დღეს გუნდები არაერთგვაროვან მდგომარეობაში იმყოფებიან. „ნაპოლიში“ კრიზისია და მას ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ მარცხიც დაემატა. „იუვენტუსი“ – აღმავლობის გზაზეა. რამდენიმე დღის წინ კლუბს 15 ქულა დაუბრუნეს, ევროპის ლიგის გათამაშებაში კი ნახევარფინალურ სტადიას მიაღწია.
„მილანთან“ ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე აქტიური იყო, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, რამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია. იტალიაში მისი კრიტიკოსებიც კი გამოჩნდნენ. დღეს, ქართველს შესანიშნავი შანსი აქვს, ისინი დაადუმოს და უკეთეს შესაძლებლობას ვერ ინატრებდა: იუვენტუსთან კიდევ ერთი გაბრწყინება ხელახალი თავდაჯერებისთვისაც დიდებული იქნება.
„იუვენტუსს“ „ნაპოლისთან“ კაიო ჟორჟეს და მოიზე კინის იმედი ვერ ექნება, ხოლო გლეისონ ბრემერის თამაში საეჭვოა. „ნაპოლიში“ უფრო სერიოზული პრობლემებია: მკურნალობას აგრძელებს ჯოვანი სიმეონე, ხოლო „მილანთან“ სერიოზული ტრავმები მარიო რუიმ, მატეო პოლიტანომ და ამირ რაჰმანმა მიიღეს. რასაკვირველია ამ მოთამაშეებს დღეს მინდორზე ვერ ვიხილავთ.
გუშინ, „იუვენტუსის“ მცველმა მატია დე შილიომ მომავალ შეხვედრაზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
„ვფიქრობ, კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშის შეზღუდვა შესაძლებელია მისთვის, რაც შეიძლება ნაკლები სივრცის მიცემით. ცხადია, ის გადამწყვეტია, როდესაც წინ ღია სივრცეებს პოულობს და სივრცეებს აძლევენ ფინტებისთვის ან დარტყმისთვის. მის წინააღმდეგ კარგად თამაში დაგვჭირდება, შესაძლოა, ორმაგი მეურვეობითაც.
„ნაპოლისთან“ პირველ თამაშში მარცხი ჩვენთვის საკმაოდ მძიმე იყო სიამაყის გამოც, უნდა დავამტკიცოთ, რომ ის ჩვენთვის უბრალოდ ცუდი საღამო იყო. 3 ქულის გარდა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად ამ სიამაყის გამო უნდა ვითამაშოთ. ეს არის მატჩი, რომელშიც შურისძიების შესაძლებლობა გვაქვს“,– განაცხადა დე შილიომ.
გუშინ გამოცემამ „La Gazzetta dello Sport“ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლისა და კლუბის ორი მოთამაშის გადაბირებას გეგმავს.
გამოცემის მტკიცებით, „იუვეს“ ხელმძღვანელები ახალ სპორტულ დირექტორს ეძებენ და 51 წლის საფეხბურთო სელექციონერს იდეალურ კანდიდატად მიიჩნევენ.
ამის გარდა, „იუვენტუსს“ ირვინ ლოსანოსა და მატეო პოლიტანოს დამატებაც სურს. თუმცა კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
ცნობილი გახდა რომ „ნაპოლის“ მცველი მარიო რუი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
გუშინ, გამოცემამ „Sky Sport“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ნეაპოლურ კლუბს ერთდროულად სამი მოთამაშე დატოვებს.
„ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებული არ არის. ამიტომ მოსალოდნელია, რომ „კვარა“ „ნაპოლიში“ კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. თუმცა კიმ მინ ჯე, პიოტრ ზელინსკი და ვიქტორ ოსიმენი დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებენ. მათ შესანიშნავი სეზონი აქვთ და უამრავი გრანდის ყურადღება მიიქციეს. ამის შანსი ნამდვილად მაღალია.
მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით კალათბურთში მსოფლიოს მორიგი პირველობა გაიმართება, რომელსაც იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია უმასპინძლებენ.
გუშინ ცნობილი გახდა რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს, წილისყრის წინ, მე-6 კალათაში იქნება განთესილი (სულ 8 კალათა ჩამოყალიბდა).
მსოფლიოს პირველობის წილისყრა 29 აპრილს (თბილისის დროით 15:30 საათიდან) ფილიპინების დედაქალაქ მანილაში „Araneta Coliseum“-შია დაგეგმილი.
1-ლი კალათა: ფილიპინები, ესპანეთი, აშშ, ავსტრალია.
მე-3 კალათა: საბერძნეთი, იტალია, გერმანია, ბრაზილია.
მე-5 კალათა: ირანი, დომინიკის რესპუბლიკა, ფინეთი, ახალი ზელანდია.
მე-7 კალათა: იორდანია, იაპონია, ანგოლა, კოდ დ’ივუარი.
მე-2 კალათა: საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია, ლიეტუვა.
მე-4 კალათა: კანადა, ვენესუელა, მონტენეგრო, პუერტო რიკო.
მე-6 კალათა: ჩინეთი, ლატვია, მექსიკა, საქართველო.
მე-8 კალათა: ლიბანი, ეგვიპტე, სამხრეთ სუდანი, კაპო ვერდე.
კალათები აღნიშნული პრინციპით იქნება განაწილებული ანუ საქართველოს ნაკრების მეტოქეები მე-2, მე-4 და მე-8 კალათებიდან შეირჩევა. გადაწყვეტილი ამბავია, რომ ილიას ზუროსის გუნდი ვერ მოხვდება იმ ჯგუფში, რომელიც უკვე 2 ევროპული ნაკრებით იქნება დაკომპლექტებული.
ქართველ კალათბურთელებს მეტოქედ ვერცერთ შემთხვევაში ვერ ერგებათ მონტენეგრო, რადგანაც მე-2 კალათაში ოთხივე ნაკრები ევროპიდანაა. სხვათა შორის, მხოლოდ ევროპიდან შეიძლება მოხვდეს 2 ნაკრები ერთად, თორემ ამერიკა, აზია-ოკეანეთი და აფრიკა ჯგუფში მხოლოდ თითო გუნდით იქნებიან წარმოდგენილები. ცნობილია ისიც, რომ საქართველოს ნაკრები B (მანილა), D (მანილა), F (ოკინავა) ან H (ჯაკარტა) ჯგუფში მოხვდება.
რაც შეეხება მსოფლიო პირველობის ფორმატს: 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, ორ-ორი საუკეთესო მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გავა, სადაც ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდება, იქიდან გასული ორ-ორი საუკეთესო კი თასისთვის ბრძოლას უკვე პლეი-ოფში გააგრძელებს. ტურნირზე მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებიც გათამაშდება, ამდენად, საქართველოს ნაკრები თამაშს იმ შემთხვევაშიც გააგრძელებს, თუკი, პირველი ჯგუფური ეტაპი ვერ დასძლია.
ავტორი