რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის თქმით, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, რომლის მიზანიც იყო “საქართველოსთვის მშვიდობის იძულება”.
„ძნელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ნაკლებად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განსხვავება… ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც მოგვიანებით მხარი დაუჭირა ფედერაციის საბჭომ, რომ ჩაეტარებინა ჩვენი სამხედრო ოპერაცია საქართველოსთვის მშვიდობის იძულებისკენ, ე.წ. ხუთდღიანი ომი. ეს, რა თქმა უნდა, რთული გადაწყვეტილება იყო. პირადად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტის, იმ მომენტში“, – განაცხადა მედვედევმა.
მედვედევის თქმით, ასევე “რთული გადაწყვეტილებები” იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
,, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, ესეც რთული გადაწყვეტილება იყო, მოითხოვდა დისკუსიას, დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონვას, მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვდა“, – აღნიშნა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.
ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დიმიტრი მედვედევს ეკავა.
ავტორი