„ეს მთვარის იდენტური ასლია, ეს ნიუტონის ქანქარაა, აქ კი მაგნიტურ ველში მფრინავ გალაქტიკას ვხედავთ“, – განმარტავს 15 წლის ბაჩო და გალაქტიკების მინიატურული ფიგურების კოლექციას გვიჩვენებს. ბაჩო პატარაობიდანვე დაინტერესებული და გატაცებული იყო ფიზიკით.
„ჩემი მიზანია თეორეტიკოსი ფიზიკოსი გავხდე. მინდა, სრული სტიპენდია მივიღო კალიფორნიის ტექნიკური უნივერსიტეტიდან, სადაც ჩემი აზრით თეორიულ ფიზიკას ყველაზე კარგად ასწავლიან“, – ამბობს ის.
ბაჩო თბილისში ცხოვრობს, მშობლებთან და უმცროს ძმასთან – ალექსთან ერთად. ის დღის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს, საშინაო დავალებებს აკეთებს და ციფრულ რესურსებს იყენებს, რომ რაც შეიძლება მეტი ისწავლოს მისთვის საინტერესო საკითხებზე. ბაჩო ამბობს, რომ გარეთ მეტი დროის გატარებას ისურვებდა, მაგრამ დაბრკოლებას მისი შეზღუდული შესაძლებლობა ქმნის – ბაჩოს სპინალური კუნთების ატროფია აქვს და ელექტრონული ეტლით გადაადგილდება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთ ყველაზე დაუცველი ჯგუფია. მათთვის განკუთვნილი მომსახურებები არასაკმარისია, ბევრ მუნიციპალიტეტში კი ასეთი სერვისები საერთოდ არ არსებობს.
გავრცელებული მცდარი წარმოდგენები და შეხედულებები ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სრულყოფილად ჩაერთონ სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურულ ცხოვრებაში და სათანადოდ ისარგებლონ თავიანთი უფლებებით. ისინი განიცდიან ძლიერი სტიგმის უარყოფით შედეგებს.
„ჩემს ცხოვრებაში სტერეოტიპებს ძალიან ბევრჯერ შევხვედრილვარ. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ საზოგადოებას ჩვენზე – შშმ პირებზე საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. მაგალითად, თუ ადამიანს გარკვეული უნარები აქვს შეზღუდული, ყველა მაშინვე ფიქრობს, რომ მას აზროვნება არ შეუძლია“, – ამბობს ბაჩო.
„როდესაც პირველად წავედი სკოლაში, არცერთ მასწავლებელს არ ეგონა, რომ რაიმე შემეძლო. მათ ეგონათ, რომ ჩემს დავალებას დედაჩემი აკეთებდა და არა მე. ამის შესახებ რომ გავიგე, ძალიან ვინერვიულე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სკოლაში ჩემი არავის სჯეროდა. თუმცა, მალევე დავამტკიცე, რომ ისინი ცდებოდნენ – ჩემი კლასის ერთერთი ათოსანი ვარ“, – ღიმილით ამბობს ბაჩო.
2021 წელს იუნისეფმა ბაჩო მრჩეველთა კომიტეტის წევრად მიიწვია პროექტში, რომელიც საქართველოში შეზღუდული უნარების მქონე პირთა შეფასების და მხარდაჭერის სისტემის გარდაქმნას ისახავდა მიზნად. „გამიკვირდა ის, რომ კომიტეტში ჩემს შენიშვნებსა და მოსაზრებებს ზუსტად ისე უსმენდნენ, როგორც ზრდასრული პროფესიონალების კომენტარებს,“ – იხსენებს ბაჩო. პროგრამის მიზანი იყო პოლიტიკის, ინფრასტრუქტურის, ინფორმაციისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში.
ბაჩოს სკოლაში ფიზიკურად მესამე კლასის შემდეგ არ უვლია. სახლიდან სკოლამდე გზის გავლა ბაჩოსა და მისი დედისთვის ძალიან ძნელია.
ლიფტიდან პირველ სართულამდე ჩასასვლელ კიბეს პანდუსი არ აქვს; ტროტუარები ძალიან ვიწროა; გზაზე რამდენიმე ადგილია, სადაც გზის გასაგრძელებლად ანამ, ბაჩოს დედამ, ეტლი უნდა აწიოს.
ანა ამბობს, მთავარი პრობლემა სკოლამდე მისვლის შემდეგ იჩენდა თავს – მას უჭირდა ბაჩოს შენობაში შეყვანა და შემდეგ მე-2 სართულზე მის კლასში მიყვანა. შენობას არ ჰქონდა პანდუსები; ტუალეტი არ იყო ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ეტლისთვის; არ იყო ლიფტი. ანას უფროსი სტუდენტები ეხმარებოდნენ, რაც თითქმის შეუძლებელი გახდა მას შემდეგ რაც ბიჭი გაიზარდა.
„ირონიულია, მაგრამ ბაჩოს COVID-19-ის პანდემია დაეხმარა“, – ამბობს ანა. „ამ პერიოდში ონლაინ გაკვეთილები დაინერგა და ბაჩოს 2 წლის განმავლობაში გაკვეთილებზე დასწრების, თანაკლასელებთან ონლაინ შეხვედრის და ინტერაქტიული სწავლის შესაძლებლობა გაუჩნდა“.
ბაჩო ეტლში მჯდომი ერთადერთი ბავშვი იყო, რომელიც თბილისის 169-ე საჯარო სკოლაში ირიცხებოდა. ანა ამბობს, რომ სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ყოველთვის ყველანაირად ცდილობდნენ დახმარებოდნენ ბაჩოს – ინფორმაციას სახლში უგზავნიდნენ სასწავლო პროგრამის შესახებ, რეგულარულად უზიარებდნენ მას გაკვეთილების ჩანაწერებს და აძლევდნენ უკუკავშირს საშინაო დავალების შესახებ.
სულ ახლახან კი სკოლას ფიზიკური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რომლის ფარგლებშიც გაითვალისწინეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომობის გაზრდაც.
„ეს საშუალებას აძლევს ბაჩოს ისევ დაესწროს გაკვეთილებს თავის სკოლაში და ჩვენ ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებთ“, – ამბობს ანა. „მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან სკოლამდე მისასვლელად ერთი საათი დაგვჭირდება, 15 წუთის ნაცვლად“, – დასძენს ის.
სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, სტიგმა და სოციალური გარიყულობა ძალიან ხშირად არის რეალობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.
„ძალიან პატარა ასაკიდან უკვე ვიცოდი, რომ სხვებისგან განვსხვავდებოდი. მაგრამ მე ამას პრობლემად არასდროს ვთვლიდი, რადგან მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ამავე დროს უნიკალური“, – ამბობს ბაჩო. „პრობლემების მიზეზი მხოლოდ გარე დაბრკოლებებია, რომლებსაც თავად ადამიანები ქმნიან.”
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ბარიერები აღარ არსებობდეს“, – ამბობს ბაჩო. „ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის.“
წყარო: https://www.unicef.org/georgia