საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის, „შტურმმა“ მერვედ შეძლო ავსტრიის თასის დაუფლება. ფინალში გრაცელებმა ვენის „რაპიდი“ დაამარცხეს მანპრიტ სარკარიამის დუბლის (გოლები: 66-ე,84-ე წუთი) წყალობით.
კიტემ თამაში ძირითადში დაიწყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. ტრავმვებისგან გაწამებულმა ქართველმა ნახევარმცველმა ამ სეზონში, ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა. მისი მონაგარი 6 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაძაბული სიტუაციაა შიდა ჩემპიონატში. პირველ ადგილოსან „ზალცბურგს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება სწორედ ჩვენებურის „შტურმი“ და რაც მთავარია 5 დარჩენილ ტურში ერთ-ერთი თამაში „ზალცბურგი“-“შტურმია“ (21.05.). ასე რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. შემდეგ მატჩს კი გრაცელები 7 მაისს ისევ დედაქალაქურ კლუბთან, ვენის „ავსტრიასთან“ გამართავენ.
გუშინ ასევე კარგი მატჩი ჩაატარა ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი აზაროვმა. უკვე სერბეთის ჩემპიონმა „ცრვენა ზვეზდამ“ 4:0 დაამარცხა „ჩუკარიჩკი“. ირაკლიმ სრული მატჩი ჩაატარა. ჯერ მე-19 წუთზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა, 20 წუთის შემდეგ ყვითელი ბარათი დაიმსახურა, ხოლო მეორე ტაიმში კიდევ 2 გოლში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი შეილება ასევე ვიხილოთ 21 წლამდელთა ჩემპიონატის განაცხადში, რომელსაც საქართველო და რუმინეთი მასპინძლობს, ასე რომ ძალიან სასიხარულოა განაპირ მცველის კარგ ფორმაში ყოფნა.
სამწუხაროდ , ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ სახლში ვერ დაამარცხა უშუალო კონკურენტი „ვერონა“, რითიც ძალიან შეუმცირდა გადარჩენის შანსი. ლუკამ 79-ე წუთამდე ითამაშა და შეფასება 7.0 დაიმსახურა (flashscore).
გავარდნის საშიშროება ემუქრება გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასაც“. რომელიც ასევე უშუალო კონკურენტთან „კადისთან“ დამარცხდა(2:1). სამწუხაროდ ბოლო მატჩებში გიორგიც არადამაჯერებელია ზოგიერთ მომენტში, ხოლო ღამურების დაცვა რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ახალი ამბავი არ არის.
ზეიმი გადაედოთ ნეაპოლელებს. „ნაპოლიმ“ ბოლო წუთებზე გაუშვა გოლი „სალერნიტანასთან“ და მატჩი 1:1 დასრულდა. (ხვიჩას შეფასება 7.4, flashscore). შემდეგ მატჩს კვარაცხელიას გუნდი 4 მაისს უდინეზესთან სტუმრად გამართავს.
ავტორი