რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინ, 2 მაისს კრემლს 2 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს.
რუსული მხარე ამტკიცებს, რომ შეტევა უკრაინის მხრიდან განხორციელდა.
“დღეს ღამით კიევის რეჟიმმა სცადა უპილოტო თვითმფრინავებით დარტყმა პრეზიდენტის კრემლის რეზიდენციაზე. ორი თვითმფრინავი კრემლისკენ იყო მიმართული”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ “სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების დროული მოქმედებების შედეგად, მოწყობილობები (თვითმფრინავი) განეიტრალდა” და რომ პუტინი არ დაშავებულა.
“თავდასხმის შედეგად პრეზიდენტი და სხვა პირები არ დაშავებულან. სახელმწიფოს მეთაურის სამუშაო განრიგი არ შეცვლილა”, – წერია განცხადებაში.
კრემლმა ასევე აღნიშნა, რომ “რუსული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები სადაც და როცა საჭიროდ ჩათვლის”. კრემლმა თავდასხმას “დაგეგმილი ტერორისტული აქტი” და “რუსეთის პრეზიდენტის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა” უწოდა.
გამოცემა Mediazona-მ თავდასხმის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ადგილობრივებმა გადაიღეს.
როგორც სამთავრობო მედია RIA-ს დმიტრი პესკოვმა უთხრა, შემთხვევის დროს ვლადიმირ პუტინი შენობაში არ იმყოფებოდა, დღეს, 3 მაისს კი მოსკოვთან მდებარე საკუთარი რეზიდენციიდან მუშაობს.
სამთავრობო მედია წერს, რომ მოსკოვი “კიევის ქმედებებს” დაგეგმილ ტერორისტულ აქტად და 9 მაისის აღლუმამდე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობად აფასებს.
ავტორი