ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია რომ პოპულარული არგენტინელი ფეხბურთელი ლეო მესი ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ მალე დაემშვიდობება და კარიერას კატალონიურ „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ცნობილი გახდა ისიც, რომ ცოტა ხნის წინ სახელოვან მოთამაშეს საუდის არაბეთში სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს. ლეოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ ფაქტი ერთია, დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან მას საფრანგეთის დედაქალაქში ვერ ვიხილავთ.
ორი დღის წინ, „პარი სენ ჟერმენმა“ მესი ორკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. გადაწყვეტილების მოტივი ის გახდა, რომ „ლორიენთან“ მატჩის შემდეგ კლუბთან შეთანხმების გარეშე საუდის არაბეთში მოგზაურობა გადაწყვიტა, რამაც კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან გააბრაზა.
ამრიგად, მესი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში პსჟ-ში ვერ ითამაშებს და ის მოედანზე მხოლოდ 21 მაისს, „ოსერის“ წინააღმდეგ დაბრუნდება.
გუშინ გამოცემამ „L’Equipe“ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას ფრანგული კლუბი დატოვოს. არგენტინელი ადრეც ფიქრობდა პსჟ-დან წასვლაზე, საუდის არაბეთში თვითნებური მოგზაურობის შემდეგ კი, გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, საბოლოოა.
გამოცემის ცნობით, „პსჟ“ მესისთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. თავად ფეხბურთელს კი სიტუაციის შეცვლა სურს. მის მიმართ სერიოზული ინტერესი საუდის არაბეთიდან მოდის. ამ ქვეყნის მთავრობა მზადაა ლიონელს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კონტრაქტი შესთავაზოს. თანხა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
არგენტინელი, შესაძლოა, კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრის“ მთავარ მეტოქეს, „ალ-ჰილალს“ შეუერთდეს.
გუშინ, „ხეტაფეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „ნაპოლის“ მცველ მატიას ოლივერაზე ისაუბრა, რომელსაც თავის დროზე ესპანურ კლუბში წვრთნიდა.
„მახსოვს, როდესაც ის გუნდში მოვიდა, მეგონა, რომ ორკესტრის მომღერალი იყო. წითლებში ჩაცმული და ჭარბწონიანი იყო, ამიტომ არ მეგონა, რომ ფეხბურთელი იყო. ჩემს თანამშრომლებს ვუთხარი: „ამას ღიპი აქვს!“ ის მოვიდა სხვა ჩემპიონატიდან, სადაც არ გააჩნიათ კულტურა, რომლის მიხედვით ფეხბურთელებმა უნდა იზრუნონ საკუთარი თავის კვებაზე და ყველაფერზე. ჩვენ მას ყველანი დავეხმარეთ და ისიც რეჟიმში ჩადგა. ახლა კი ვხედავთ, რომ „ნაპოლის“ ძირითადი შემადგენლობის წევრია და „სერია A“-ს ლიდერში ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს“, – განაცხადა ბორდალასმა.
მატიას ოლივერა „ხეტაფეში“ 2017-2022 წლებში თამაშობდა, ხოლო „ნაპოლის“ გასულ ზაფხულს შეუერთდა. რაც შეეხება ბორდალასს, რომელიც გასულ სეზონში „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელი იყო, „ხეტაფეში“ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
გუშინ, იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა ბეპე აკარდიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. მისი მტკიცებით, ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიდან“ წავლენ.
„ნაპოლიმ“ სკუდეტო დაიმსახურა, თუნდაც ჯერ მათემატიკურად მოგებული არ ჰქონდეს. თავიდან არავის ეგონა, რომ ამ გუნდს ჩემპიონობა შეეძლო, მაგრამ მერე ყველამ დაიჯერა. ამ გუნდმა სეზონი წარმოუდგენლად ჩაატარა, მონდომებით და თავდაჯერებულად. მთავარი წვლილი ფეხბურთელებიდან ოსიმენმა და კვარაცხელიამ შეიტანეს, რომლებიც ჩემი აზრით, ზაფხულში წავლენ. თუმცა, „ნაპოლიმ“ აქამდეც აჩვენა, რომ ეკონომიკურ დონეზე მართვის უნარების მაგალითი და ამ გზას გააგრძელებს“, – თქვა ბეპე აკარდიმ.
ლონდონის „ჩელსის“ 22 წლის უკრაინელ ნახევარმცველს, მიხაილო მუდრიკს, ინგლისის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი უკვე 507 წუთის განმავლობაში ვერ გაუტანია.
საინტერესოა, რომ მუდრიკიც ხვიჩა კვარაცხელიას ტოლია (22 წლის) და იმავე პოზიციაზე, მარცხენა გარემარბად თამაშობს, ამიტომ, საფეხბურთო ბაზარზე ქართველის კონკურენტად მოიაზრება.
მიხაილოს დებიუტი ლონდონურ გუნდში 21 იანვარს „ლივერპულთან“ პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩში (0:0) შედგა. ჯამში ნახევარმცველმა ინგლისის ჩემპიონატის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა: 27-ე ტურის მატჩში „ლესტერთან“ (3:1) და 31-ე ტურში „ბრაიტონთან“ (1:2).
ავტორი