სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პროექტ Log-in Georgia-ს მეორე კომპონენტი, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინტერნეტის სწორად და ეფექტიანად გამოყენების სწავლებას.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა ჩოხატაურში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სემინარების პირველი ეტაპი დაეთმობა ინტერნეტის მოხმარების ისეთი საბაზისო ცოდნის მიღებას, როგორიცაა: ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის შექმნა და გამოყენება, სახელმწიფო ელ-სერვისებით სარგებლობა, ციფრული არხების/ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება და სხვა, ხოლო მეორე-ციფრული საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებულ თემატურ სემინარებს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პროექტის სამიზნე დასახლებებია: ბჟოლიეთი, ბურნათი, ვაზიანი, ზოტი, კოხნარი, საჭამიასერი, ქვაბღა, ქვემოხეთი, ჩხაკაურა, ხევი, ნაბეღლავი. სასწავლო კურსებში მონაწილეობა შეუძლია ჩოხატაურის სამიზნე დასახლებებში მცხოვრებ ნებისმიერ პირს 14 წლის ასაკიდან. პროგრამა უფასოა და უზრუნველყოფს მონაწილეთა ტრანსპორტირებას. შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე მინდია ჟღერია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved