რამდენიმე დღეა, რაც ბახმაროსთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა მიმდინარეობს, თუმცა ჩოხატაურის მერის წარმომადგენელი დაბა ბახმაროში, შალვა ცინცაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ გზის გაწმენდით სამუშაოებს კიდევ დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.
“გზის გაწმენდა მიმდინარეობს. ალბათ, 5-7 დღე კიდევ დასჭირდება. გზის ახალ ნიშნულამდე ჯერ არ ვართ მისულები. 1 ტექნიკა მუშაობს ქვედა ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ზედა ტერიტორიაზე”,_ გვითხრა ცინცაძემ.
ბატონო შალვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზვავის შედეგად ბახმაროში 20-ამდე სახლია განადგურებული. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
_ ამ ეტაპზე სტიქია მომხდარია, მაგრამ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა დაზიანდა, რამდენი დაზიანდა, არ გაგვაჩნია. გზა რომ გაიწმინდება ავალთ და გაგაგებინებთ,_ ამბობს ცინცაძე.
ჩვენს კითხვაზე, მოხდება თუ არა დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურება, მერის წარმომადგენელი გვპასუხობს, რომ ჯერ ისაა დასადგენი კანონიერად აშენებული სახლებია დაზიანებული თუ უნებართვოდ აშენებული ფარდულები.
_ გზის გამო ჯერ ვერ ავედი. რა ადგილას არის ზუსტად მომხდარი ეს სტიქია და ვისი ქონება არის დაზიანებული, ჯერ პირადად, არ ვიცი. კიდევ გიმეორებთ, გაიწმინდება გზა, ავალთ, ვნახავთ და იმის მიხედვით უკვე გადაწყდება. მოგეხსენებათ, ბახმაროს ტერიტორიაზე ბევრი უკანონო მშენებლობის ფაქტებია. ჯერ აღრიცხვა არ მომხდარა, რა დაზიანდა. გადაწყვეტილებებს ცენტრალური ადგილობრივი ხელისუფლება აღრიცხვის შემდეგ მიიღებს. ის, რომ სოციალურ ქსელში ვიღაცამ დადო რაღაც ფოტო და გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახლები დაზიანდა, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ჯერ დასადგენია კანონიერად რეგისტრირებული სახლი დაზიანდა მშენებლობის ნებართვიან მიწაზე, თუ სახელმწიფოსგან მიტაცებულ მიწაზე რაღაც ფარდული”,_ ამბობს ცინცაძე.
ამავე თემაზე:
დიდთოვლობის შედეგები ბახმაროში – ზვავმა სახლები დაანგრია
ავტორი