პრემიერის მიერ ინიცირებული პროგრამა “განახლებული რეგიონები” ჩოხატაურის იერსახის სრულად შეცვლას ითვალისწინებს.
პროგრამის ფარგლებში, სამუშაოების დაწყების შედეგად ქალაქმა სახე მართლაც შეიცვალა. უკვე თვეებია, ხელოვნების სასახლის წინ ტერიტორია გადათხრილია. საზოგადოებას არც დუმბაძის ქუჩაზე უკვე დაგებული ფილების აყრა-დაგება დავიწყებია. უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს კი, საბოლოოდ, კომპანია “აღმაშენებელი-ქუთაისთან” კონტრაქტის გაწყვეტა მოჰყვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერმა მთელი ამ დროის განმავლობაში, მის მიერვე ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, რეგიონში მიმდინარე სამუშაოები მხოლოდ ერთხელ მოინახულა.
ამ დროისთვის, ჩოხატაურში, “განახლებული რეგიონის” ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს შპს “საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს. კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული გასული წლის დეკემბერში გახდა.
რა ვადა აქვს აღნიშნულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად, რა არის ამ დროისთვის პროგრამის ფარგლებში გაკეთებული და რა გასაკეთებელი _ “განახლებული რეგიონების” მიმდინარეობის შესახებ ჩოხატაურის მერს, დავით შარაშიძეს ვესაუბრეთ.
მერი აღნიშნავს, რომ შესასრულებელი სამუშაოების დეტალები ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანხმდება, თვითონ კომპანიას კი, მსგავსი სამუშაოების შესრულების დიდი გამოცდილება აქვს.
_ “კომპანია “აღმაშენებელ-ქუთაისს” კონტრაქტი შეუწყდა, შემდეგ გამოცხადდა ახალი ტენდერი და გაიმარჯვა კომპანია “საბა კონსტრაქშენმა”, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს პარკების, სკვერების და ასეთი სახის მშენებლობების მიმართულებით. საკმაოდ კარგად და მძლავრად აგრძელებენ სამუშაოებს. თითოეული დეტალი თანხმდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან და შემდეგ საზოგადოებასთან, _ აღნიშნავს შარაშიძე.
ჩვენს კითხვაზე, რა რჩება გასაკეთებელი პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მერი გვპასუხობს, რომ, ფაქტობრივად, ყველაფერი გასაკეთებელია.
“ფაქტობრივად, ყველაფერი გასაკეთებელია. იმათ ძალიან ცოტა სამუშაო ჩაატარეს”, _ ამბობს დავით შარაშიძე.
ჩოხატაურის მერი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ: “ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე ფილების დაგება დასრულდა. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ღობეების შეცვლა. ეტაპობრივად, მეორე ჯგუფი მუშაობს ხელოვნების სასახლის წინ. ასევე, რჩება გასაკეთებელი ბაზრის ტერიტორია, მთლიანად ცენტრი, დუმბაძისა და კალანდაძის პარკები, ასევე, 9 აპრილის პარკის ფასადი.
_ როდისთვის უნდა დასრულდეს “განახლებული რეგიონების” ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები?
_ სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, _ გვიპასუხა შარაშიძემ.
ცნობისთვის, პროგრამა, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. ის ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროექტები ხორციელდება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.
ავტორი