3 მაისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხის გაცნობის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ მოუწოდა ყველას, მოესმინათ გამომსვლელებისთვის.
მკითხველს შევახსენებთ, რომ სხდომის დაწყებამდე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” თათია ნიკოლაშვილმა ჟურნალისტებისთვის მცირე ბრიფინგი გამართა და ოზურგეთის მერი რიგ საკითხებში დაადანაშაულა. კერძოდ, მან კვლავ გაამახვილა ყურადღება თეატრის წინ განთავსებულ საყვავილეებზე:
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი თავს უფლებას აძლევს, 2 მილიონი ლარი ხალხის ფული დახარჯოს კუბოების მსგავს ქოთნებზე, რომელიც დგას ქალაქის ცენტრში. ამ დროს კი მძიმე მდგომარეობაა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში: გურიანთის საბავშვო ბაღში ჭერი ჩამონგრეულია და საწოლების საჭირო რაოდენობა არ აქვთ. ბავშვებს მორიგეობით ძინავთ. კონჭკათის საბავშვო ბაღი კერძო საცხოვრებელ სახლშია, ხოლო სოფელ მერიის ბაღი _ ადგილობრივი წარმომადგენლობის შენობაში. 21-ე საუკუნეა და ბაღების უმეტესობა შეშის ღუმელით თბება. არც ბავშვების აღზრდა, არც მშობლების საზრუნავი და არც საბავშვო ბაღების მომსახურე პერსონალი არ აინტერესებთ, რომლებსაც მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. მომსახურე პერსონალზე არსებული მდგომარეობა რომ არ გაახმაურონ, მათზე ზეწოლა მიმდინარეობს, _ თქვა თათია ნიკოლაიშვილმა.
შემდეგ კი, როცა საკრებულოში კვორუმი უკვე შემდგარი იყო და სხდომის დასაწყებად ემზადებოდნენ, “ნაციონალმა” დავით მჟავანაძემ მარიხუანას საკითხზე დაიწყო ყვირილი (წინა დღეებში გახმაურდა და საკმაო რეზონანსი გამოიწვია, ოზურგეთში, თეატრის წინ, მოედანზე განთავსებულ საყვავილეებში მარიხუანას ნერგების აღმოჩენამ. ავტ.).
_ 30 სანტიმეტრზე მაღალია თითო ძირი მარიხუანა. თითქმის, ერთი თვეა, იქ არის. რას აკეთებენ ძალოვნები? მიიღეთ ზომები! პასუხისმგებლობა არის თქვენზე და ბორენკა ივანიშვილზე. ირგვლივ არის იუსტიციის შენობა, პროკურატურა, გამოიძიეთ. ნახევარი მეტრი ორ დღეში ვერ გაიზრდებოდა მარიხუანა. რას აკეთებთ?! კუბოებივით ქოთნები დააწყვეთ, მერე კი მარიხუანას ბიბინს უცქერით, _ დაობდა მჟავანაძე.
_ აა, იცი ხომ, რა ხნისაა? მადლობა, დავით, რომ აღიარე შენი პირით. დაჯექი ახლა, გეყოფა, _ შესძახა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ქეთი ვასაძემ.
_ რატომ არ მოგივიდათ აზრად, რომ იქ მისულიყავით და გენახათ? რა ხანია იქ არის, ვინც დარგო, იპოვეთ და ის გამოკითხეთ. ვინც იპოვა, იმას ჰკითხეთ, _ კვლავ ყვიროდა მჟავანაძე.
სხდომაზე ხარხარი ატყდა _ იცის, იცის, რა ხნისაა და როდის დარგეს თავადო, _ ხითხითებდნენ დეპუტატები.
_ თქვენ იცით, პროვოკაციებს აწყობთ, თავად დარგეთ, მერე მიხვედით ადგილზე და აჟიოტაჟი შექმენით. ამას კარგად ხვდება საზოგადოება, _ პასუხობდნენ მას საკრებულოს წევრები “ქართული ოცნებიდან”.
_ არ დაწყებულა ჯერ სხდომა. ნუ ყვირით! ჟურნალისტები კი დასხედით თქვენს ადგილზე, _ უთხრა მჟავანაძის წინ მდგარ მედიის წარმომადგენლებს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
ერთ-ერთი მედიასაშუალების დამფუძნებლის კითხვაზე, სად იყო ჟურნალისტებისთვის ადგილი, დარჩიამ უპასუხა:
_ უკან, უკან, ჯერ არსად არ არის, მგონია და ისე უკან.
მარიხუანას თემაზე, თითქმის, ნახევარი საათის განმავლობაში დაობდნენ და ჩხუბობდნენ, რაც საკმაოდ ჰგავდა ხელოვნურად შექმნილ ვითარებას. დარბაზში ისმოდა კითხვა: “ვინ დარგო მარიხუანა შუა ქალაქში?”
საკრებულოს სხდომის დაწყებისთანავე კი, როცა მერის პირველი მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებაზე საუბრობდა, დეპუტატმა დავით მჟავანაძემ აღნიშნული საკითხის ირგვლივ საკუთარი მოსაზრების მოსმენა ითხოვა, თან ავტობუსების და ძვირადღირებული ავტომანქანების ფოტოების აჩვენებდა საზოგადოებას.
_ აი, ეს ავტომანქანები შეიძინეთ, ნაცვლად იმისა, რომ, შეპირებისამებრ, მოსახლეობისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი შეგეძინათ. ასეთი იყო საარჩევნო დაპირება. ერთ მილიონზე მეტი დახარჯეთ თქვენთვის განკუთვნილ ჯიპებში. მაინტერესებს, რა შეიცვალა ამით, მაგალითად, ლავრენტი ბიგვავას ცხოვრებაში, უკეთესად მუშაობს? _ ყვიროდა მჟავანაძე.
_ შენ არ გაქვს ჩემი მუშაობის შეფასების უფლება. თუ პასუხი გსურს, მოუსმინე გიორგის და გეტყვის. თუმცა, ვერ გაიგებ, რადგან შენი აზროვნების მასშტაბი არის ნული. ბიჭო, შენ შენს საკუთარ სოფელში, არჩევნებზე ბექა თოიძემ დაგამარცხა. აქ ხმას არც უნდა იღებდე საერთოდ, _ უთხრა მჟავანაძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ბიგვავამ.
ხანგრძლივი დავა უშედეგოდ გრძელდებოდა. ერთმანეთს ნაკლებად უსმენდნენ და როგორც მარიხუანას, ისე ყვითელი ავტობუსების თუ ჯიპების თაობაზე ნაწყვეტი ფრაზები ისმოდა.
“თქვენ ხართ ჩასაფრებულები, ნუთუ დადებითი ვერაფერი დაინახეთ, გაკეთებულს ნუთუ ვერაფერს ხედავთ?! საკუთარი ქალაქი ასე რომ გძულთ. რამ შეგაძულათ ასე ოზურგეთი?!” _ მიმართა ოპოზიციონერებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მარიკა ჩხიკვიშვილმა.
ჩხუბი და დავა ისე გამწვავდა, რომ სხდომაზე ნახევარსაათიანი შესვენება გამოცხადდა.
შესვენების დროს, რაკი დარბაზში ჩხუბი და ხმაური იყო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ მის კომენტარს მარიხუანის აღმოჩენის შესახებ: “კიდევ ერთხელ ვამბობ _ “ნაციონალური მოძრაობა” (საუბარია მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე) თავისი მთავრობის წევრებით, ძალიან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ნარკოტიკებთან და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან. ამის ფოტოები და ვიდეოები არსებობს. რასაც დათესენ, იმას მოიმკიან! გასულ პერიოდში მოიმკეს და აწიც რასაც დათესავენ, იმას მოიმკიან. დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს.
საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება არის სირცხვილი და საკუთარი ქალაქის სიძულვილი არის სირცხვილი! ასევე, მე ვაცხადებ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის პროექტების და იდეების ქურდი. მათ აქვთ საჯარო ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან გაცხადებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის შესახებ. მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტით აღჭურვილი, მინიმუმ, 4 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება _ სოფელ გურიანთაში, მერიაში, შრომაში და ქალაქ ოზურგეთში (#8 საბავშვო ბაღი). ახლა “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა, ეს გაატაროს თავის ინიციატივად, რომ თითქოს ეს საკითხი მათ მიერ იყო დაყენებული”, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ.
სხდომაზე, ნიკოლაშვილისა და მჟავანაძის გამოსვლებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლავრენტი ბიგვავამ ჩასაფრება და სირცხვილი უწოდა.
საბოლოოდ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტები: “მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცების შესახებ;” “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.”
ცვლილება შევიდა “მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” დადგენილების პროექტში.
ბოლო საკითხზე, სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსმა, მაიზერ ცელაძემ ვრცლად ისაუბრა.
მან გამოსვლამდე კომენტარი გააკეთა მარიხუანას გამო ატეხილ აჟიოტაჟზე:
_ ათასობით ადამიანი დადის თეატრის წინ, მოედანზე. დავიჯეროთ, ვერავინ შეამჩნია ასეთი სიმაღლის მარიხუანა? ასევე, ერთი თვის წინ იქ უამრავი ტელევიზიის წარმომადგენელი იმყოფებოდა. ნუთუ, ვერავინ შეამჩნია? ამას საზოგადოება კარგად ხედავს და ხვდება. ამიტომ გავაკეთოთ ისე და მოვიქცეთ ისე, რომ როგორმე დავიცვათ რეგლამენტი და ისე ვისაუბროთ აქ! _ თქვა ცელაძემ.
მან შემდეგ დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა პროგრამაში შეტანილ მნიშვნელოვან ხუთამდე ცვლილებაზე, რომელიც ისევ და ისევ მოსახლეობის სასიკეთოდ არის განკუთვნილი. კერძოდ, ეს ეხება ონკოლოგიურ ავადმყოფებს და მედიკამენტებით მათ მომსახურებას. ნებისმიერ ექიმს ექნება უფლება, ონკოლოგიურ პაციენტს გამოუწეროს წამალი. ასევე, ცვლილებაა შშმ პირთა დახმარების პროგრამაში, ტრანსპორტით უზრუნველყოფის დაფინანსებაში და ასე შემდეგ…
საბოლოოდ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტები: “მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცების შესახებ”; “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე”.
ცვლილება შევიდა “მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” დადგენილების პროექტში.
საკრებულომ მოისმინა დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიში.
ავტორი