პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხე არ შეექმნება. მისივე თქმით, საქართველო “ჯერჯერობით” ევროკავშირის წევრი არაა, ამიტომ არ აქვს ვალდებულება დაემორჩილოს მის პოლიტიკას.
“საფრთხე არ შეექმნება არაფერს. ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ვუხსნით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, პირადად მე მქონდა საუბარი და ავუხსენი არგუმენტაცია, მოტივაციაც. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის პოლიტიკას, უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დღეს არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჯერჯერობით, და ამას დასჭირდება წლები”, – უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
რუსეთთან ფრენების აღდგენას აქამდე ორჯერ გამოეხმაურა ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო. ბოლოს მან “შემაშფოთებელი” უწოდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ფრენების ნებართვა გასცეს რუსული თვითმფრინავებისთვის. 16 მაისის ბრიფინგზე მან ისიც დაამატა, რომ მცირდება საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან:
“სამწუხაროდ, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებთან საქართველოს მიერთების შარშანაც დაბალი მაჩვენებელი, 44%-დან წელს, ამდროინდელი მონაცემებით, კიდევ უფრო, 31%-მდე შემცირდა”.
გასულ კვირას, როდესაც რუსეთმა განაცხადა, რომ ხსნის საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვას, პიტერ სტანომ მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, “მათ შორის ავიაციის სექტორში”. მან ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე.