“ნაპოლიმ” 33-წლიანი პაუზის შემდეგ, სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოიპოვა და იტალიის ჩემპიონი გახდა. მიუხედავად ასეთი წარმატებული სეზონისა, “პარტენოპეის” მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია.
როგორც გამოცემა Corriere dello Sport წერს, სპალეტის გაუფუჭდა ურთიერთობა კლუბის პრეზიდენტთან აურელიო დე ლაურენტისთან. ეს უკანასკნელი ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ, ჯერჯერობით, უშედეგოდ. სპალეტის შესანარჩუნებლად დე ლაურენტისი ახალ კონტრაქტს ამზადებს, რომელიც 2025 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს, მაგრამ, ამ მომენტისთვის, მწვრთნელი არ აპირებს თავისი გადაწყვეტილების შეცვლას.
აურელიო დე ლაურენტისმა Sky Sports-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ სპალეტი წასვლას გადაწყვეტს, მის არჩევანს წინ არ აღუდგება.
“კარგი იქნება, თუ ლუჩანო “ნაპოლიში” დარჩება და საკუთარი საქმის კეთებას გააგრძელებს, თუმცა ცხოვრებაში ყველაზე ფასეული და განუზომელი თავისუფლებაა. ფრთები არავის უნდა დააჭრა, რადგან ვინმემ იგივე ჩემს მიმართ არ გააკეთოს. ბოლო პერიოდში კარლო ანჩელოტისთან, ვალტერ მაცარისთან, ედი რეიასთანა და რაფაელ ბენიტესთან მაკავშირებენ. მთავარია მადლიერი ვიყოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ჩვენთვის რაღაც გაიღეს“, – განაცხადა დე ლაურენტისმა.