ტელეგრამში დაწყებული საქმის გარჩევა და გინება მკვლელობით დასრულდა. 21 წლის ახალგაზრდამ უცნობი თანატოლი წერეთლის გამზირზე დაიბარა და ათობით ადამიანის თვალწინ დანა დაარტყა.
მოკლულია 20 წლის შალვა ქაშაკაშვილი, რომელსაც მკვლელმა ცივი იარაღი მუცელში ჩაუტოვა და გაიქცა. მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის კლინიკაში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
მკვლელობა წერეთელზე განთავსებულმა რამდენიმე კამერამ დააფიქსირა. შემთხვევას არაერთი თვითმხილველი ჰყავს, რომლებიც პოლიციამ უკვე გამოკითხა.
ამოღებულია მკვლელობის იარაღი და ასევე, აღებულია თითის ანაბეჭდები.
21 წლის ახალგაზრდა ზაჰესის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ის ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებული ახალგაზრდა დუმილის უფლებას იყენებს. მის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ, ბრალის წარდგენის შემდეგ იმსჯელებს.