თავისუფლების მტერია სიღარიბე და უმუშევრობა; ამიტომაც, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ვმუშაობთ ეკონომიკური აღორძინებისა და სოციალური სამართლიანობისთვის; ამ გზაზე, არაერთი გლობალური გამოწვევის მიუხედავად, მნიშვნელოვან პროგრესს, თვალსაჩინო შედეგს მივაღწიეთ და მანამდე გავაგრძელებთ შრომას, სანამ ბოლომდე არ დავამარცხებთ სიღარიბესა და უმუშევრობას და სანამ უზრუნველყოფილი არ იქნება თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის სიძლიერე და კეთილდღეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავისუფლების მტერია სიცრუე და დეზინფორმაცია.
„თავისუფლების მტერია სიცრუე და დეზინფორმაცია; როგორც ჩვენი ბრძენი პატრიარქი ბრძანებს, ადამიანმა თავისუფლება შეიძლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით. თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ფსევდო-ფასეულობების პროპაგანდა მთელი კაცობრიობისათვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს და როდესაც ბოროტი ძალები ცდილობენ დაანგრიონ ტრადიციული ფასეულობები, ოჯახური ფასეულობები, ცდილობენ, ფაქტები – აღქმებით ჩაანაცვლონ, რეალობად გაასაღონ სიცრუე – თავისუფლების განმტკიცებისთვის ჩვენს ერთადერთ იარაღად კვლავ რჩება სიმართლე. შესაბამისად მხოლოდ უზენაეს ფასეულობებზე, მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე და სიმართლეზე დაფუძნებული თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შენება უნდა გახდეს ჩვენი საერთო მიზანი და ეროვნული იდეა. ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლების ეროვნული და გონივრული პოლიტიკით არაერთ ხელშესახებ წარმატებას მივაღწიეთ, რომლიც ყოველდღე გვაახლოებს ამ დიდ მიზანთან. ჩვენს მიერ ასევე გატარებული მასშტაბური რეფორმები კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური წინსვლისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება სამართლიანად იმსახურებს მიუკერძოებელი, ობიექტური შემფასებლების აღიარებას მთელ მსოფლიოში,”- აღნიშნა პრემიერმა.