ახლახან ოზურგეთში, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე, ძაღლმა კიდევ ერთი ადამიანი დაკბინა. ადგილზე მყოფმა მოქალქეებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და დაკბენილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს ის შავი ძაღლია, ყელზე და გულმკერდის არეში თეთრი ზოლით, რომელზეც არც ისე დიდი ხნის წინ ვწერდით. ბევრი მოქალქე მოგვმართავდა, რომ ის აგრესიულია და ითხოვდნენ დახმარებას.
„გურია ნიუსი“ მაშინ ოზურგეთის მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა და დახმარება აღგვითქვეს, თუმცა ძაღლი მალე დააბრუნეს აღნიშნულ ტერიტორიაზე და შედეგმაც არ დააყოვნა.
_სასწაული რა არის, იცით? ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქეც ისე ჩაგვიდგება კრიჭაში და გვასწავლის ძაღლის პატივისცემას, თითქოს, მათზე ნაკლებად გვეჭმიოს ადამიანის ერთგული ამ ცხოველისთვის პური ან მათზე ნაკლებად გვიყვარდეს. ერთხელ და ორჯერ თუ დაკბინა ვინმეო, ალბათ, მოქალქეებიც ტყუოდნენო _ იძახიან. ასე მიდგომა შეიძლება? ესე იგი, ყოველდღე უნდა კბენდნენ ძაღლები ადამიანებს და იყოს გამიშვი და გამაკავე? _ ამბობენ „გურია ნიუსთან“ გაბრაზებული მოქალაქეები, რომლებიც ოზურგეთის ბაზარში მუშაობენ ან მომხმარებლები არიან და აქ ხშირად დადიან.
„გურია ნიუსი“ მალე ვრცლად შემოგთავაზებთ სტატიას აღნიშნულ პრობლემაზე.
ავტორი