აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ შვედეთი NATO-ს “რაც შეიძლება მალე” შეუერთდება, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და უნგრეთი კვლავ აგრძელებენ შვედეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შეფერხებას.
“NATO უფრო ენერგიული და ერთიანია, ვიდრე ის იყო ბოლო ათწლეული. ახლა უფრო ძლიერია ჩვენს უახლოეს მოკავშირესთან ფინეთთან ერთად და რაც შეიძლება მალე შვედეთიც შემოგვიერთდება. პირობას ვდებ, ასე მოხდება”, – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
1 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების აკადემიის დამთავრების ცერემონიაზე გამოსვლისას, ბაიდენმა შეაქო NATO-ს ერთიანობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთს მოუწოდა, მიიღოს შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების გადაწყვეტილება და დასძინა, რომ სტოკჰოლმა თურქეთის პირობების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა.
ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ. თუმცა, 31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა.
თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს იმ მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.
ავტორი