ლეგიონი “თავისუფალი რუსეთი” ამბობს, რომ რუსეთის ბელგოროდის რეგიონის სოფელ ნოვაია ტავოლჟანკას მისადგომებთან აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ.
,,აქტიური ბრძოლა გვაქვს სოფლის განაპირას. ნოვაია ტავოლჟანკა. სამწუხაროდ, არიან დაჭრილი ლეგიონერები, მაგრამ თავისუფლება სისხლით მოიპოვება. ყველა დაჭრილი უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში“, – წერს ლეგიონი Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ლეგიონის ცნობით, რუსული რეჟიმის ჯარისკაცები არ ითვალისწინებენ სამოქალაქო მოსახლეობას და ბომბავენ ყველა ადგილს, სადაც ლეგიონერების გადაადგილება შეინიშნება.
მათივე განცხადებით, პუტინის ჯარისკაცებმა ააფეთქეს სამოქალაქო მანქანა, რის შედეგადაც ორი მოქალაქე დაიღუპა.
ბელგოროდის გუბერნატორმა იმავე შემთხვევაზე დილით განაცხადა, რომ მანქანაში მყოფი 2 პირი უკრაინის მხრიდან დაბომბვას ემსხვერპლა.
,,რეჟიმის ჯარები, ისევე როგორც გრეივორონის მახლობლად, არ ითვალისწინებენ მშვიდობიან მოსახლეობას. საარტილერიო ცეცხლი გამოიყენება ნებისმიერი პუნქტის დასაფარად, სადაც ლეგიონერებისა და RVC-ის მოძრაობა გამოვლინდება. ტავოლჟანკას მახლობლად, მტერმა გაანადგურა Renault-ის მანქანა მშვიდობიანი მოსახლეობასთან ერთად, ეს ჩვენს დივერსიულ ჯგუფში აერიათ. სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ეს პუტინის არმიის არაპროფესიონალიზმის პირდაპირი შედეგია“ , – ამბობს ლეგიონი.
“თავისუფალი რუსეთის” ლეგიონი მოუწოდებს ადგილობრივ მოქალაქეებს, რომ არ დატოვონ თავშესაფარი და სამხედრო აქტივობების დასრულებას დაელოდონ.
,,ჩვენ კატეგორიულად ვურჩევთ სამოქალაქო პირებს, არ დატოვონ თავშესაფრები და დაელოდონ საომარი მოქმედებების დასრულებას თქვენს მხარეში. ჩვენ მოვიტანთ მშვიდობას სახლში! რუსეთი თავისუფალი იქნება!“ – ამბობს ,,რუსეთის თავისუფალი ლეგიონი“.
ავტორი