სასტიკი ძალადობა 21 წლის ახალგაზრდა გოგონაზე- ცემა, მუქარა და დაშინება. მოძალადე ახალგაზრდა გოგოს მეუღლეა. “კურიერი P.S.” შემზარავი ისტორიის დეტალები გაარკვია.
21 წლის თათია საპანაძე, ახალგაზრდა ქალი “პოსტკრიპტუმთან” ძალადობის უმძიმეს ისტორიას ყვება. მას ქმარი ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უმოწყალოდ სცემდა, მათ შორის ფეხმძიმობის პერიოდში.
თათიას პოლიციისთვის არ მიუმართავს. ეშინია რომ ქმრის ოჯახი მას შვილთან დააშორებს. ძალადობის მსხვერპლი ამბობს, რომ იყო შემთხვევა, როცა გაბრაზებულმა მამამ ბავშვი ნაგვის ურნასთან დატოვა და ჩვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
ახლა მისი მთავარი საზრუნავი ერთადერთი შვილია, რომლის დათმობას არ აპირებს. იმედი აქვს, რომ სახელმწიფოს და საზოგადოების დახმარებით მშვიდ ცხოვრებას შეძლებს.
სავარაუდო მოძალადე დიმიტრი კოლდარი კამერებს ემალება, მის საცხოვრებელ მისამართზე “პოსკრიპტუმის” გადამღებ ჯგუფს აგრესიით დახვდნენ.
მამაკაცის ახლობლები გვარწმუნებენ რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. უარყოფენ ჩვილის ნაგვის ურნასთან დატოვების ფაქტსაც. დიმიტრი კოლდარის მამა გვეუბნება, რომ რძალი საკუთარი ნებით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ითხოვდა ქუჩაში მოწყალებას
სავარაუდო მოძალადე ახლა მეოთხე ცოლთან ერთად ცხოვრობს, რომელიც არასრულწლოვანია. სწორედ ამიტომ მას ძალადობის გარდა ბრალს სავარაუდოდ კიდევ ერთი მუხლით წარუდგენენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო. ძალადობის მსხვერპლი მარტოხელა დედის საქმეში საგამოძიებო ორგანოებთან ერთად სოციალური სამსახურიც ჩაერთო. თათია საპანაძეს ახლა საფრთხე აღარ ემუქრება.
წყარო: რუსთავი2