აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა. როგორც “ამერიკის ხმა“ წერს, ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება.
ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა- რა იქნებოდა მისი გზავნილი კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით:
“ჩვენ არ დავტოვებთ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას”, – თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია “დარწმუნებით ვერ იტყვის”, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში.
მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს სიტუაციის შეფასებას სამხრეთ უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით.
,,ჩვენ ვნახეთ ანგარიშები, სადაც წერია, რომ კაშხლის აფეთქებაზე პასუხისმგებელი რუსეთია. შეგახსენებთ, რომ რუსულმა ძალებმა ნოვა კახოვკა გასულ წელს აიღეს და მას შემდეგ ოკუპირებულია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ინფორმაციის შესაფასებლად”, – ამბობს კირბი.
NBC News-ის ცნობით, შეერთებული შტატები იძიებს სამხრეთ უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გარემოებებს, მაგრამ ეჭვობს, რომ რუსეთი ამაში მონაწილეობდა.
6 ივნისს რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს.
მანამდე უკრაინა და სამხედრო ანალიტიკური ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმასა და უკრაინისთვის დაბრალებას გეგმავდა.
ავტორი