12 ივნისს ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
9 ივნისს, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმაზე 21ST DIGI Skillz ვებინარი ჩატარდა, რასაც შეუერთდნენ სპიკერები საქართველოდან.
გუნდი, რომელმაც საქართველო საერთაშორისო ვებინარზე წარადგინა დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფესიის ადამიანებით.
ინგა ხარჩილავა (21ST DIGI Skillz თანადამფუძნებელი, მასწავლებელი), კახაბერ ჩაკვეტაძე (მოდერატორი, მენტორი, მასწავლებელი, ტრენერი), ნონა კენჭუაშვილი (“სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის” გამგეობის თავმჯდომარე), მანანა ჯიქურაშვილი (მასწავლებელი), მარიამ მამაგულაშვილი, (21ST DIGI Skillz IT დირექტორი), მაკა სიხარულიძე (თარჯიმანი, ინგლისური ენის მასწავლებელი), დოდო რეხვიაშვილი (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა პედაგოგი), ნინო ცარციძე (21ST DIGI Skillz კომუნიკაციების მენეჯერი) და “გურია ნიუსის” ჟურნალისტი, რუსუდან ოქრუაშვილი.
ვებინარის მონაწილეები გააერთიანა მსოფლიოსთვის მთავარმა სათქმელმა “არა ბავშვთა შრომას!”
ბავშვთა შრომა გულისხმობს 5-დან 17 წლამდე ბავშვთა ექსპლუატაციას ნებისმიერი ფორმის ისეთი შრომით, რომელიც ბავშვს ართმევს ბავშვობას, ხელს უშლის მის სკოლაში სიარულს და მისთვის მენტალურად, ფიზიკურად, სოციალურად ან მორალურად საზიანოა.
ბავშვთა შრომა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ის უკავშირდება ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, მშობლების ცნობიერების დაბალ დონეს, ასევე ოჯახის მხრიდან არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესებისა და ინდივიდუალური საჭიროებების უგულებელყოფას.
ვებინარის გახსნისას მონაწილეებს და მაყურებლებს, სიტყვით მიმართა უჩე ლინ ოკპალამ. ის არის გლობალური განმანათლებელი, ტრენერი,EDU_TECH\ROBOTIC მწვრთნელი, მრავალი საგანმანათლებლო ჯილდოსა და აღიარების მფლობელი ნიგერიიდან და 21STDIGISKILLZ ACADEMY- ტრენინგებისა და განვითარების დეპარტამენტის/აკადემიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, 21STDIGISKILLZ აკადემია, რომელიც რეგისტრირებულია ნიგერიაში, წარმოადგენს გლობალურ ბაზარზე საერთაშორისოდ აკრედიტირებულ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ადვოკატირებისას. ქალბატონი უჩე ლინ ოკპალა, ამ ორგანიზაციის შექმნით არის მთავარი ინიციატორი, რათა დაძლეულ იქნას ყველასთვის ციფრული პრობლემები და მოახდინოს ყველას ცხოვრებაზე ზემოქმედება STEAM განათლების მიწოდებით. STEAM-ის საშუალებით შესაძლებელია, უზრუნველვყოთ მოსწავლეების მომზადება მომავლის მოქალაქეებად, რომლებიც მზად იქნებიან, საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი პრობლემა კრიტიკული, თანამშრომლობითი, ეფექტური გზებით გადაჭრან.
ქალბატონმა უჩე ლინ ოკპალამ თავისი შესავალი სიტყვა დაიწყო იმის აღნიშვნით, რომ დღეს ქალბატონი ნონა კენჭუაშვილისთვის განსაკუთრებული დღეა. 21STDIGISKILLZ აკადემიის გუნდი და ყველა სპიკერი გაერთიანდა დღეს ერთი პრობლემის გარშემო და მათი სურვილია, რომ დასრულდეს ბავშვთა იძულებითი შრომა. ქალბატონი უჩე ძალიან ბედნიერია და მოხარული, რომ ამ საოცარი კამპანიის ფარგლებში ჩართვა საქართველოს გუნდმა გადაწყვიტა თავისი პლატფორმის მეშვეობით. წარმატებები უსურვა ყველა მონაწილეს და მათთან ერთად გაუშვა პოზიტიური გზავნილი მსოფლიოს ამ ძალიან მძიმე პრობლემის გადასაჭრელად.
ქალბატონმა ინგა ხარჩილავამ კი სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ამ ვებინარის ჩატარების იდეა ნონა კენჭუაშვილს ეკუთვნოდა. როგორც ხარჩილავას საუბრიდან შევიტყეთ, კენჭუაშვილმა ვებინარის ჩასატარებლად 21ST DIGI Skillz-ს წერილობით მიმართა.
“ჩვენს ორგანიზაციაში შემოვიდა ქალბატონი ნონას წერილი, რომელიც მიზნად ისახავდა ამ კვირეულის დაგეგმვას. მინდა გამოვეხმაურო ამ ვებინარს. ბავშვთა შრომა არის ბავშვთა უფლებების მძიმე დარღვევა და მნიშვნელოვანია პრევენცია”, _ განაცხადა ხარჩილავამ.
ვებინარზე მენტორმა კახა ჩაკვეტაძემ აღნიშნა, რომ “ჩვენ უნდა შევცვალოთ რაღაც ბავშვების ცხოვრებაში და არ შეიძლება 21-ე საუკუნეში ბავშვი იყოს შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი”.
შეხვედრა გაიხსნა ნონა კენჭუაშვილის პრეზენტაციით. მან ისაუბრა არსებულ პრობლემებზე, საკითხის სიმძიმეზე. მოიყვანა შსო-ს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 128 მილიონი ბავშვია ბავშვთა შრომაში ჩართული, მათგან ნახევარზე მეტი კი სახიფათო სამუშაოებს ეწევა. აზიასა და წყნარ ოკეანეში კვლავ ყველაზე დიდი რაოდენობაა (თითქმის 78 მილიონი), მაგრამ სუბ-საჰარის აფრიკა რჩება ბავშვთა შრომის ყველაზე მაღალი შემთხვევების მქონე რეგიონად ( 59 მილიონი). ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში 13 მილიონი ბავშვი შრომობს, ხოლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში არის 9.2 მილიონი. სოფლის მეურნეობა კი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან სექტორად, სადაც ბავშვები შრომობენ (98 მილიონი).
რაც შეეხება ამ მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით 2015 წელს ჩაატარა ეროვნული კვლევა ბავშვთა შრომის შესახებ. კვლევის თანახმად, 5-დან 17 წლამდე ასაკის პირთა 5.8% ბავშვთა შრომაში იყო ჩართული. მათგან ნახევარზე მეტი 5-დან 13 წლამდე ასაკის იყო და ბავშვთა უდიდესი უმრავლესობა სოფლის მეურნეობის სექტორში გახლდათ დასაქმებული. 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვთა 5.2% ინდუსტრიულ სექტორში მუშაობდა, ხოლო 12.2 %, მომსახურების სექტორში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ მონაცემებში არ არის ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა რიცხოვნობა.
მოქმედი კანონმდებლობით სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი 16 წელია. 16 წლის ქვემოთ კი ბავშვების შრომა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით იმ შემთხვევაში, როცა შრომითი ურთიერთობა არ აყენებს ზიანს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს სავალდებულო საბაზო განათლების მიღების შესაძლებლობას.
14 წლამდე ასაკის ბავშვთან კი შრომითი ხელშეკრულების დადება ძირითადად აკრძალულია, გარდა იმ საქმიანობისა, რომელიც სპორტს ან ხელოვნებას უკავშირდება. 16-17 წლის ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, ხოლო 14-15 წლის ასაკის არასრულწლოვნის – 24 საათს. აკრძალულია ბავშვის მუშაობა ღამით.
“თავად შრომაში ჩართული, მათ შორის ქუჩაში მცხოვრები ბავშვები მიუთითებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო, ძალადობისგან დაცული გარემო როგორც ბიოლოგიურ ოჯახებში, ასევე ქუჩაში, სადაც მათ უხდებათ ცხოვრება. ასევე მიუთითებენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეთ უსაფრთხო საცხოვრისი. სამწუხაროდ, მუნიციპალური დახმარების პროგრამების ფარგლებში დღემდე ვერ ხერხდება ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი პირობების გაუმჯობესება. არც თუ იშვიათად ამ პროგრამებით სარგებლობა მისაწვდომიც კი არ არის. დღევანდელი ბავშვთა კეთილდღეობის სისტემა შეიძლება ითქვას, რომ რეაქტიულია. სახელმწიფოს მხრიდან ჯერ კიდევ ვერ ხერხდება რისკის ჯგუფის ბავშვების გამოვლენა. სოციალური სამსახურები კი რეაგირებას ახდენენ მხოლოდ მათთან შესულ შეტყობინებებზე და არ მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართვების მოსაძიებლად თემში, რაც თავის მხრივ ზღუდავს რისკჯგუფის ბავშვთა დროულ იდენტიფიკაციას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძალიან მაღალია სწავლის შეწყვეტის შემთხვევები. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს სწავლა 8846-მა მოსწავლემ”,_ განაცხადა კენჭუაშვილმა და აღნიშნა, რომ კვლევამ “ინვესტირება თითოეულ ბავშვში: ბავშვთა შრომის აღმოფხვრის ხარჯთაღრიცხვიანობის ეკონომიკური ანალიზი” აჩვენა, რომ განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ბავშვთა შრომის აღმოფხვრას შეუძლია იმ დანახარჯებზე 7-ჯერ მეტი ეკონომიკური სარგებლის მოტანა, რომელთა დიდი ნაწილი უკეთეს განათლებასა და სოციალურ მომსახურებებში ინვესტიციებს უკავშირდება.
რა უნდა გაკეთდეს ? გაწყდეს სიღარიბისა და ბავშვთა შრომის დამაკავშირებელი ჯაჭვი. ბავშვთა შრომა განხილული იქნეს მდგრადი განვითარების პროგრესის ჭრილში. უზრუნველყოფილი იქნეს საბაზისო განათლებისა და პროფესიული სწავლების მისაწვდომობა. შეიქმნას და განვითარდეს თანამშრომლობის მოდელი: სკოლა-ოჯახი-სამეზობლო/თემი. საზოგადოებას შეუძლია დაინახოს და ემეგობროს ამ ბავშვებს”.
კენჭუაშვილის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სიტყვა გადაეცა დოდო რეხვიაშვილს. მან წაიკითხა ესე, რომელიც “სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის” მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული იყო და რითაც მსმენელი საზოგადოება ცრემლებამდე მიიყვანა.
“გურია ნიუსის” ჟურნალისტმა კი წარადგინა პრეზენტაცია სახელწოდებით “ზოგჯერ ბავშვები ნაადრევად კარგავენ ბავშვობას”. მან ისაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრებ ლ.ც-ს შესახებ, რომელსაც “სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის” მიერ გამოტანებული საჩუქარი გადავეცით 2021 წელს. ჟურნალისტმა საზოგადოებას უამბო იმ სიდუხჭირის შესახებ, რის გამოც, იმ დროისთვის არასრულწლოვანმა ლევანმა ოზურგეთის ბაზრობაზე მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო და საზოგადოებას შეახსენა, რომ მსგავსი პრობლემების ან უფრო მძიმე ისტორიის მქონე “ლევანი” მსოფლიოს ყველა კუთხეში ცხოვრობს და იმისთვის, რომ ბავშვებმა ნაადრევად არ დაკარგონ ბავშვობა იმაზე უფრო მეტია გასაკეთებელი, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება.
მოდერატორმა კახაბერ ჩაკვეტაძემ პრეზენტაციის შემდეგ გამოხმაურებისას აღნიშნა, რომ ახლა როდესაც არის ჩაის კრეფის სეზონი გურიიდან და აჭარიდან ბევრი მოსწავლე მიდის თურქეთში რომ შეძლოს სკოლისთვის საჭირო ნივთების შეძენა. ეს კი გამოწვეულია სიღარიბით.
“დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების გაჯანსაღებით ეს პრობლემა აღმოიფხვრება”,_ განაცხადა ჩაკვეტაძემ.
ინგა ხარჩილავამ კი აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვებინარზე ჟურნალისტი ჰყავდათ სპიკერად მიწვეული.
სპიკერმა მანანა ჯიქურაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საკითხზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერება.
სპიკერმა მაკა სიხარულიძემ კი მოყვა სამწუხარო ისტორია ბიჭის შესახებ, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე შახტაში ჩავარდა და დაიღუპა.
სიხარულიძემ საუბრისას ასეთი ფრაზა თქვა :
“ვეკითხები ჩემს თავს, მე ერთ პედაგოგს რა შემიძლია იმისთვის, რომ წვლილი შევიტანო ამ მიზნის მიღწევაში რასაც ბავშვთა შრომის დასრულება ჰქვია. არ ვიცი რას და რამდენს შევძლებ, თუმცა, ერთი რამე ზუსტად ვიცი, ჩემი არცერთი მოსწავლე სიღარიბის გამო მეგობრობაზე უარს არ ეტყვის მის თანატოლს! ყურადღების გარეშე არ დავტოვებ არცერთ ბავშვს, რომელიც სკოლის მიტოვების რისკის წინაშეა! ვასწავლი უცხო ენას იმისთვის, რომ არ მოუწიოს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში სამუშაოს შესრულება! დავეხმარები იმ უნარების გამომუშავებაში, რაც აპოვნინებს საკუთარ თავს და ადგილს საზოგადოებაში!”
ვებინარის დასრულების შემდეგ სპიკერებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 2002 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია, გვახსოვდეს, თუ რა რეალობაში უწევთ ბავშვებს ცხოვრება. საჭიროა, გაიზარდოს ამ პრობლემის ცნობადობა და მაქსიმალურად ვეცადოთ მის აღმოფხვრას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.