ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რაინდი დუმბაძემ სხდომის დაწყებამდე დაბა ლაითურში არსებული ერთ-ერთი პრობლემის შესახებ ისაუბრა.
„დაბა ლაითურში წყლის სისტემის პროექტი, რომელიც 5 000 000 ლარი დაჯდა ფაქტობრივად ჩამოშლილია. იქნებ დაინტერესდეთ 15 დღეზე მეტია მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. პასუხისმგებლობას არ იღებთ? 1 100 აბონემენტს ამ ეტაპზე წყალი არ მიეწოდება,“ – თქვა რაინდი დუმბაძემ.
მისივე თქმით, წყლის არ მიწოდების ერთ-ერთი მიზეზია ქვა-ღორღის მოპოვების კარიერი.
„გურია ნიუსი“ ამ საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა.
“დაბა ლაითურში, ზაფხულის სეზონზე წყლის გაზრდილი მოხმარების შედეგად, წარმოიქმნა წყლის მიწოდების პრობლემები. ამ საკითხთან დაკავშირებით მერია, შპს „სატისთან“ ერთად აქტიურად მუშაობს პრობლემის შესაძლო მოკლე ვადაში გადაჭრისათვის. მიმდინარეობს წყლის მძლავრი ტუმბოების შეძენა და დამატებით, ახალი ჭაბურღილი მოეწყობა,” – აცხადებენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ავტორი