გასულ კვირას, ლანჩხუთი ოთხი დღის განმავლობაში მუსიკით ცხოვრობდა. ქალაქის ცენტრში სამუსიკო სკოლისკენ მიმავალ გზაზე გამოკრული ტრანსპარანტი მიგვანიშნებდა, რომ მუნიციპალიტეტი სახელოვანი კომპოზიტორის, კარლ ჩერნის კონკურსს მასპინძლობდა, სადაც ლანჩხუთელ პედაგოგებს მუსიკალურ-საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ.
ცნობისთვის, ჩეხური წარმოშობის ავსტრიელი კომპოზიტორი და პიანისტი კარლ ჩერნი საუკეთესო მასწავლებლად ითვლებოდა და იმისთვის, რომ ბავშვები უკეთ დაუფლებოდნენ ფორტეპიანოს, ის თავის ეტიუდებს იყენებდა. შექმნილი აქვს 800-ზე მეტი ეტიუდი, სწორედ ამან გაუთქვა მას სახელი.
ლანჩხუთისა და სუფსის სამუსიკო სკოლებთან ერთად ჭიათურის, ზუგდიდის, აბაშის, ზესტაფონის, ბათუმის ნორჩმა პიანისტებმაც მიიღეს კონკურსში მონაწილეობა, რომელთა გამოსვლებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა ხელოვნების აკადემიის ხელმძღვანელის, ვალერიან შიუკაშვილის თავკაცობით. ვალერიან შიუკაშვილი გახლდათ კიდეც ამ მასშტაბური კონკურსის მთავარი სულისჩამდგმელიც.
კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრის წოდება ოთხი სკოლის ხელმძღვანელს, მათ შორის, ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობისა და სუფსის სამუსიკო სკოლის დირექტორებს, მაია ჩავლეიშვილსა და ნანი მარგალიტაძეს მიენიჭათ.
ასევე, ხელოვნების აკადემიამ დააჯილდოვა ღვაწლმოსილი მასწავლებლებიც: მარინე ტუღუში, მზია დუნდუა, ცისანა მექვაბიშვილი, ნინო პატარაია-ლომაძე, ეთერ კუნჭულია, ლილი სამსონია, ლალი გავაშელაშვილი, რუსუდან სიხარულიძე (ყველა ლანჩხუთის სამუსიკო სკოლა), ნანი მარგალიძე, ნარგიზ სიმონიშვილი ( სუფსის სამუსიკო სკოლა).
ლანჩხუთელ პედაგოგებს ხელოვნების აკადემიის ხელმძღვანელის, ვალერიან შიუკაშვილის ხელმოწერილი სიგელები გადაეცათ ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და მუსიკალურ-საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
სასიხარულოა, რომ კონკურსის შედეგად გამოვლენილ წარმატებულ პიანისტთა შორის ორი ჩვენი მუნიციპალიტეტიდანაა _ ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის წარმომადგენელი, მეორე კლასელი, უნიჭიერესი თამარ კურტანიძე მესამე პრემიის ლაურეატი გახდა (პედაგოგი ლელა ზენაიშვილი), ხოლო სუფსის სამუსიკო სკოლის გამორჩეულ აღსაზრდელს ანდრია ბალანჩივაძეს (პედაგოგი ნინო მოისწრაფეშვილი) დიპლომი გადაეცა.
ლანჩხუთში გამართული ამ მუსიკალური კონკურსის დასკვნით ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც დაესწრნენ.
“მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის სულის ჩამდგმელს, პიანისტს ვალერიან შიუკაშვილს. მოგეხსენებათ, აღნიშნული კონკურსი ლანჩხუთში პირველად ტარდება. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო მეტი სკოლა ჩაერთვება მასში და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება”, _ აღნიშნა ღონისძიების დასასრულს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და კონკურსის ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვა.
კონკურსი საზეიმო კონცერტით დაიხურა, სადაც ნორჩმა პიანისტებმა კარლ ჩერნის ნაწარმოებები შეასრულეს. კონცერტის შემდეგ მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ხალისიანი განწყობით, სიმბოლურად გაჭრეს და დააგემოვნეს კიდეც ჩერნის ფოტოსურათით დამშვენებული ტორტი.
როგორც მუსიკალური კონკურსის მონაწილეები აღნიშნავდნენ, ლანჩხუთმა ფესტივალს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა. ამის დასტურად მონაწილეები სოციალურ ქსელშიც აქვეყნებდნენ სამადლობელ პოსტებს.
“მადლობა კომპეტენტურ ჟიურის და კონკურსის ორგანიზატორებს მუსიკის ზეიმისთვის და ბავშვების გახარებისთვის. განსაკუთრებულად გამორჩეული, ლამაზი, დასამახსოვრებელი და ხალისიანი ფინალი იყო”, _ აღნიშნულია ზესტაფონის ხელოვნების სკოლის ფეისბუქგვერდზე, სადაც პერსონალურ მადლობას უხდიან ორგანიზატორებს: ვალერიან შიუკაშვილს, მაია ჩავლეიშვილსა და ლანჩხუთის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების დირექტორს ლია ურუშაძეს.
სტუმრებმა კონკურსიდან თავისუფალ დროს ჯიხეთის დედათა მონასტერიც მოინახულეს და ნანახით აღფრთოვანება ვერ დამალეს.
“აი, როგორ სამოთხეში წაგვიყვანა ვაკო შიუკაშვილმა _ ჯიხეთის დედათა მონასტერში და ეს დღე დააგვირგვინა ბექა სიხარულიძის შესანიშნავი კონცერტით”, _ დაწერა სოციალურ ქსელში ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ვიქტორია ჩაპლინსკაიამ.
მისი კოლეგა ნინო ჟვანია კი წერს: “წარვედ გადაღლილი ჯიხეთის დედათა მონასტერში ფიქრთ გასართველად… დავისვენე და ადამიანს დავემსგავსე”.
ავტორი