რა მშვენიერია ზაფხულის მზიანი დილა, გარუჯვით და მზეზე ყოფნით გამოწვეული სიხარული, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე თბილი სიო და გაბრწყინებული სახეები, ასეთი ორშაბათი გვაქვს დღეს, რომელიც სამწუხაროდ ამინდის თვალსაზრისით დიდხანს არ გაგრძელდება!
ჩვენ ორმაგი შეტევის ქვეშ ვართ: არასტაბილური ჰაერი ხმელთაშუა ზღვიდან, რომელიც ნაწილობრივ გავლენას ახდენს საქართველოზეც და ძალიან ნოტიო ჰაერი, რომელიც მოდის შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან: არამდგრადი ამინდი იქნება ამ კვირაში მთავარი გმირი დასავლეთიდან-აღმოსავლეთის მიმართულებით, არ არის გამორიცხული სეტყვა და ქარის გაძლიერება, სტიქიური მოვლენების განვითარება.
კონკრეტულად – მიმდინარე კვირის სამუშაო დღეებში, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში – მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ლოკალურად ძლიერი ნალექი და სეტყვა, ქარის შკვალური გაძლიერება.
მთავარი კითხვა! შაბათ-კვირას მაინც, არსებობს თუ არა იმედი გამოდარების?
ამ შემთხვევაში კარგი იმედია: პარასკევიდან ამინდი გაუმჯობესდება, გარდა ნარჩენი წვიმისა, რომელიც ჯერ კიდევ მოსალოდნელია საღამოს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში.
მოკლედ, კვირის ბოლოს უამინდობით გამოწვეული ჭრილობა თანდათან შეხორცდება, შაბათ-კვირა ყოველ შემთხვევაში ზაფხულის მსგავსი იქნება!
ბედნიერ დღეებს გისურვებთ. _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.