მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს არ წასულა ქართული პოლიტიკიდან, მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა და სამარცხვინო გამოსვლებისა, შეგახსენებთ, იგი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე წარსდგა, როგორც უკრაინის მოქალაქე და მოითხოვა უკრაინული ენის თარჯიმანი, რათა ესაუბრა უკრაინულ ენაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამაზე მეტი დეგრადაცია და დაცემა ქართველი პოლიტიკოსის, მითუმეტეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მგონი მსოფლიოს ისტორიას არ უნახავს.
„სააკაშვილმა რაც ჩაიდინა ბოლო პერიოდში და მას შემდეგ, რაც ციხეში შევიდა, მთელი ეს შოუ, მასკარადი, თეატრი, ცირკი, რაც დაგვიდგა, ამის შემდეგ რაც ის აღვირახსნილი, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია აწარმოა მან, მისმა ოჯახმა და მისმა ლობისტებმა, ამისთვის ყოველ დღე უნდა მოუხადონ ბოდიში ჩვენს სახელწმიფოს და ჩვენს საზოგადოებას. ხომ ვნახეთ ყველამ, რომ ეს ადამიანი არც არავის არ მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი არ ხდებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი სპექტაკლი. ჩვენ ამას ვუხსნიდით საზოგადოებას, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, რომ ეს იყო თამაში და სპეკულაციები. ამდენი ხნის შემდეგ და მას შემდეგ, რაც მან საბოლოოდ მიიღო უარი სტრასბურგის სასამართლოდან, რომ შეწყვიტოს ეს თამაში, სპეკულაცია და სიმულაციები, ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არის კარგად. მგონი საზოგადოების არცერთ წევრს დღეს უკვე ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ კითხვები აღარ რჩება. სააკაშვილის თემაზე მე საუბარი არ მინდოდა, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, ერთი პასუხი მინდა ვთქვა. ვფიქრობ, მისმა ლობისტებმა და არა მხოლოდ ლობისტებმა, არამედ, მათ შორის, ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ამერიკის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ, ყოფილი წარმომადგენლები და ლობისტები და ბევრი ადამიანის გამონათქვამი ვნახეთ ჩვენ, რომლებიც იცავდნენ მის ამ სპექტაკლს, მე ვფიქრობ, რომ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს საზოგადოებას და სახელმწიფოს იმ ზიანისთვის, რომელიც მათ მიაყენეს მთელს მსოფლიოში. ის აღვირახსნილი კამპანია, რაც მიმდინარეობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებით, რომ ჩვენ მოვწამლეთ, ვაწამებთ, მოვკალით, გადარჩა, ამ ყველაფერზე, ამ დიდ ბინძურ კამპანიაზე ძალიან სამართლიანი, მკაფიო პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ, რითაც დაასრულა ეს მასკარადი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.