ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
გურიაში, ოზურგეთში, საგამოცდო ცენტრი მეორე საჯარო სკოლაშია განთავსებული, სადაც დილაადრიან აბიტურიენტთა, მშობელთა და გულშემატკივართა ჯგუფები ემოციური, ცოტა მღელვარე, თუმცა იმედიანი და მხნე განწყობით საუბრობდნენ.
ამინდმაც, რომ იტყვიან, გამოანათა.
_ბედნიერი დღეა, წარმატებული ცხოვრების დასაწყისი. მეგონა, ვინერვიულებდი, თუმცა სრულიად მშვიდად ვარ! თავისუფალ უნივერსიტეტში ვაბარებ, კომპიუტერული მართვა უნდა ავითვისო, _ ღიმილით გვითხრა ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ამირან უნგიაძემ და საგამოცდო ცენტრში მართლაც გადამდები სიმშვიდით შევიდა.
„ერთი, ორი და სამიიიი, გავიმარჯვებთ!“ _ შესძახეს და ერთმანეთზე დადებული ხელის მტევნები, ჰაერში ფრთების აქნევის ჟესტით ასწიეს, მშობლიური ქართულის მასწავლებელმა მაია ღლონტმა და მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა, ახლა უკვე აბიტურიენტებმა.
ქალბატონმა მაიამ გუშინ მიმართვა გაავრცელა და დღეს, მართლაც სიმბოლური დაპირებით, ხანჯლით მივიდა საყვარელი მოსწავლეების საგულშემატკივროდ.
-ხანჯალი სიმბოლურია. შიში უნდა ავხანჯლოთ. ამასთანავე, ყველას ვაფრთხილებ, დრო მაქსიმალურად გამოიყენონ, ადრე არავინ გამოვიდეს! თორემ,… _ ღიმილით დაიხედა „იარაღზე“.
მერე კი მიშო ჯინჭარაძეზე მიგვითითა.
_ეს მეტსახელად „ექვთიმეა“, საქართველოს ხსენებაზე აკანკალებს. 3 ივლისი მის დაბადების დღეცაა,... -გვითხრა ქალბატონმა მაიამ, _ „ჯინჭო“ ხშირად ჩოხითა და ყაბალახით დადის.
საზეიმო განწყობის გარდა, ვერაფერს დაარქმევდით აბიტურიენტთა მოკლე და სხარტ პასუხებს, გამოცდებზე შესვლის წინ:
„ლაშა გუჯაბიძე ვარ! მეორე სკოლა ჩემი კერაა! ეროვნულსაც აქ ვაბარებ, მიხარია!“
„ლუკა ხაბალაშვილი ვარ, ლაითურიდან. მედიკოსი უნდა გავხდე!“
„ნიკა ებრალიძე ვარ, ჯუმათიდან, კომპიუტერული ტექნიკა უნდა ავითვისო, წავედი!“
„სოსო მიმინოშვილი ვარ, ნატანებიდან! ავიაინჟინერი უნდა გავხდე, რა შიში და ღელვა? “
„თორნიკე საჯაია ვარ, ცხემლისხიდის სკოლა დავამთავრე. ჩემი და მგულშემატკივრობს. ის უფრო ნერვილუობს, მე არა!“
„დათა ვარ შარაშენიძე! არქიტექტორი უნდა გავხდე! მეორე საჯარო სკოლა დავამთავრე! აქ რომ ვარ, შინ ვარ!“
მშობლები, ბებიები თუ დედმამიშვილები, რომლებიც გულშემატკივრის ამპლუაში იყვნენ აქ მოსული, აბიტურიენტებისგან განსხვავებით, უფრო ღელავდნენ და ცდილობდნენ, დაემალათ ეს ემოცია.
როზა გოგუძე, დათა შარაშენიძის ბებია: “განსაკუთრებული მოსწავლე იყო. თავისით აირჩია პროფესია. ჩემი ფიქრი და ოცნებაა, კარგად ისწავლოს და კიდევ უფრო კარგი ადამიანი იყოს.”
კობა ხაბალაშვილი, ლუკა ხაბალაშვილის მამა: „ჩემი შვილი არ ნერვიულობს,…არც მე…აი, აგერ ჩემი მეუღლე რომ დგას, ის ნერვიულობს და… ამაზე ვნერვიულობ მეც…“_ იუმორის მოშველიებით გააკეთა კომენტარი ბატონმა კობამ.
სევერიან საჯაია, მშობელი: „ჩემი შვილი, თორნიკე აბარებს. მთელი ოჯახი აქ ვართ! თორნიკეს და, ლიზი ყველაზე უფრო გულშემატკივრობს ძმას“.
საგამოცდო ცენტრის კარებში, ჩვეული სიდინჯით და პუნქტუალობით იდგა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, ამჯერად საგამოცდო კომისიის წევრი, ფატი სიორიძე, რომელმაც მოკლედ გვიპასუხა: „მოვრჩები პროცესს და აუცილებლად გიპასუხებთ.“
დღეს გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება.
„გურია ნიუსი“ დღის განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას, გამოცდების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ.
ავტორი