რუსთავში, 9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით მამინაცვლის მამა დააკავეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
ბავშვის ცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტმა რუსკა მჭედლიძემ გაავრცელა. მჭედლიძე წერდა, რომ მამინაცვლის მამამ ბავშვი “წიხლებთ სცემა”, კაცის ცოლი კი ბავშვს მოკვლით ემუქრებოდა.
“9 წლის ბავშვი ეზოში წიხლებით სცემა მამინაცვლის მამამ ათობით ადამიანის და უამრავი ბავშვის თანდასწრებით, მოძალადის ცოლიც ემუქრებოდა მოკვლით, სახლში ძალით წაიყვანეს, ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წუთში ეზოში თუ არ ჩამოვედი ესეიგი კიდევ მცემენ და პატრულში დარეკეთო. ერთ-ერთი ჩუმად ავიდა მესამე სართულზე, კარზე ყური მიადო და ტირილის ხმა რომ გაიგო დარეკა პოლიციაში, რუსთავის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ჩვენებაში ბავშვს დააწერინეს, რომ წაიქცა!
დედა, მოძალადე მამამთილს ხელს აფარებს და ბავშვს, ბავშვთა სახლში ჩაბარებით ემუქრება, ბავშვის მამა ციხეში ზის, თურმე მამინაცვალსაც უცემია ბევრჯერ და ბავშვს ეშინია, რომ მოკლავენ თუ რამეს იტყვის. გამანადგურა ამ ამბავმა, მეხვეწებოდა შენთან სახლში წამიყვანეო, ამათთან წასვლა არ მინდაო”, – წერდა მჭედლიძე Facebook-ზე.