ცნობილი ქართველი მსახიობი, განუმეორებელი ოსტაპ ბენდერის როლის შემსრულებელი არჩილ გომიაშვილი ციმბირში ერთხელ მეტად კურიოზულ ვითარებაში აღმოჩნდა. ამ შემთხვევას გომიაშვილი შემდეგნაირად იხსენებდა.
„ციმბირში ჩავედი საგასტროლოდ. ვმოგზაურობ. მირეკავს ადმინისტრატორი: – არჩილ მიხეილის ძევ, კონცერტის გამართვა ამჯერად მოგიწევთ ერთობ არაჩვეულებრივ აუდიტორიაში, თუ ღმერთი გწამს, უარს ნუ მეტყვი. სამაგიეროდ, საუზმით და სადილ-ვახშამით უზრუნველყოფილი იქნებით.
– კეთილი, – დავთანხმდი და მერეღა ვკითხე, – მაინც სად მიგყავარ?
– სამხარეო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
უარის თქმა უკვე გვიან იყო. მივედით. იქაურმა ადმინისტრატორმა გულითადი მიწვევით შეგვიყვანა სასადილოში და თან დასძინა: სწორედ რომ დროულად მოგვისწარითო. ქურქი რომ გავიხადე, რიხიანად წამოვიძახე: მე ახლა ისე მშია, შეუჭმელი არავინ და არაფერი გადამირჩება-მეთქი.
ამის თქმა ძლივს მოვასწარი, თითქოს გრიგალმა გაფანტაო, ერთბაშად გაგრიალდა ყველა. სასადილო მთლიანად დაიცალა. ეტყობა, ეგონათ, ახალი ავადმყოფი მოიყვანესო. კონცერტი, რა თქმა უნდა, ვეღარ გავმართეთ და მშივრებიც დავრჩით”.
ავტორი