ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მეხუთე დღეს ვიხილეთ, როგორც ქართული დრამატურგიის,ისე პროზის ინტერპრეტაციები .პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის,რომ კუდუს კუჟმაიაროვის სახელობის იუგურული მუსიკალური კომედიის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოგვიდგინა „ომობანა“ (რეჟისორი – გაუხარ ადაი ),ხოლლო შემდეგ ვიხილეთ საბიტ მუკანოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო მუსიკალური დრამატული თეატრის „კუკარაჩა“ (რეჟისორი -ბარზუ აბდურაზაკოვი) და ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის „სამანიშვილის დედინაცვალი“ (რეჟისორი – გიორგი კავილაძე).
„ომობანა“
ოზურგეთის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე ჩვენ ვუყურეთ კუდუს კუჟმაიაროვის სახელობის იუგურული მუსიკალური კომედიის თეატრის დადგმას „ომობანა“ – ბასა ჯანიკაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. სასიხარულოა ის,რომ ჩვენი ყაზახელი მეგობრები ინტერესდებიან და დგამენ თანამედროვე ქართულ პიესებს .
აღსანიშნავია,ის რომ რეჟისორმა , გაუხარ ადაიმ , ქართული პიეისა არავერბალურ ენაზე აალაპარაკა . აქვე ვიტყვი იმასაც ,რომ რეჟისორის გადაწყვეტით, არაა ხაზგასმული ის, რომ მოქმედება საქართველოში ხდება, მან განაზოგადა მოცემული ამბავი . ამასთანავე , გაუხარ ადაიმ ამბავს დრამატული ტონები შესძინა და დაცალა ყოველგვარი კომიკური ელემენტებისგან . სხეულის ენასთან ორგანულად იყო შერწყმული ყაზახური ეროვნული მუსიკალური ინსტრუმენტებით შესრულებული მუასიკა,რომელიც მაყურებელზე დიდ ემოციურ გავლენას ახდენდა .
მადლობა კუდუს კუჟმაიაროვის იუგურულ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს იმისათვის ,რომ ომის თემას შეეხო ბასა ჯანიკაშვილის პიესის დადგმით .
„კუკარაჩა“
მოგეხსენებათ, ფესტივალზე ვიხილეთ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების შემდეგი დადგმები – ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიის „ მოდინახე“ სპექტაკლი „ თეთრი ბაირაღები“ და ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის „ბოშები“. მეხუთე დღეს კი ჯერი მოდგა „კუკარაჩაზე“. სპექტაკლი წარმოგვიდგინა საბიტ მუკანოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო მუსიკალურ დრამატული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა.
ყაზახურ თეატრში ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ძალზე პოპულარულია ,მაგრამ „კუკარაჩა“ პირველად სწორედ, საბიტ მუკანოვის სახელობის თეატრმა დადგა .
რეჟისორ , ბარზუ აბდურაზაკოვის სპექტაკლში მოქმედება ხდება არა საქართველოში ,არამედ ყაზახეთში. მსგავსი გადაწყვეტით რეჟისორი ხაზს უსვამს იმას, რომ ქართული ამბავი ყაზახელებისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია . ამასთანავე , ყაზახურ ყაიდაზე აწყობილი „კუკარაჩა“ გვიჩვენებს უცხო ქვეყნის ხელოვანის ქართული მწერლობის თავისებურ ხედვას ,ინტერპრეტაციას და არა ტექსტის „ ქოფი ფეისთს“.
მსახიობებმა დარბაზში მყოფ ხალხს მცირე შესავალი გაუკეთეს იმასთან დაკავშირებით,თუ როგორ უყვართ ნოდარ დუმბაძე და მისი შემოქმედება. სპექტაკლის მსვლელობისას კი ვხვდებოდი,რომ მათ სიტყვები ჰაერში არ ისროლეს,რადგან თავდაუზოგავად და დიდი სიყვარულით თამაშობდნენ .
რეჟისორმა მურტალოს პერსონაჟი სცენაზე არ გამოიყვანა. მასზე ინგა (ჯ. ნასიროვა) გვესაუბრებოდა .ამასთანავე , მინდა ვთქვა,რომ ინგასა და კუკარაჩას (ე. კენჟებეკოვ) ხაზი მიჩქმალული იყო და აქცენტი იყო გაკეთებული მოზარდების ცხოვრებაზე .
მადლობა ბარზუ აბდურაზაკოვსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ნოდარ დუმბაძის შემოქმედების პატივისცემისთვის!
„სამანიშვილის დედინაცვალი“
ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის არც დავით კლდიაშვილის პროზის ინტერპრეტირებაა უცხო. როგორც წინა წერილში მოგახსენეთ, მეოთხე დღეს ჩვენ ვიხილეთ მიხეილ თუმანიშვილის ლეგენდარული სპექტაკლი „ბაკულას ღორები“.ხოლო , მეხუთე დღეს , რეჟისორმა გიორგი კავილაძემ , ზესტაფონის თეატრის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად წარმოგვიდგინა „სამანიშვილის დედინაცვალი“.
სანამ სპექტაკლზე მოგახსენებთ, მინდა აღვნიშნო,რომ კლდიაშვილის აღნიშნული მოთხრობა არაერთი თეატრისა და კინოს რეჟისორის შთაგონების წყარო გამხდარა. 1926 წელს კოტე მარჯანიშვილმა გადაიღო უხმო კინოსურათი ამავე მოთხრობის მიხედვით, 1978 წელს კი,, ელდარ შენგელაიამ ხმოვანი ფილმი. კლდიაშვილის სასცენო ისტორიაში კი გამორჩეულ ადგილს იკავებს სტურუა-ჩხეიძის სპექტაკლი. თანამედროვე ინტერპრეტაციებიდა კი, გიორგი მარგველაშვილის, „ სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალს გამოვყოფდი,რომელსაც 12 ივლისს , ოზურგეთის თეატრის დიდ დარბაზში იხილავთ.
დავუბრუნდეთ ზესტაფონის თეატრის „სამანიშვილს“. რეჟისორმა გიორგი კავილაძემ და მხატვარმა – ანანო დოლიძემ შეგვიქმნეს კლდიაშვილის დროინდელი იმერული ატმოსფერო. სპექტაკლის დასაწყისში სცენაზე გამოდის ზურაბ აბესაძე,მთხრობელის რანგში, გვიკითხავს მოთხრობის სათაურს და რამდენიმე წინადადებას . მგონია,რომ მსგავსი რეჟისორული გადაწყვეტა მოძველებულია და არაფერ ახალს და მნიშვნელოვანს არ სძენს სპექტაკლს . აქვე ვიტყვი იმას, რომ სპექტაკლში რამდენიმე მსახიობი ორ როლს ასრულებს , მაგ. ზურაბ აბესაძე მთხრობელის გარდა, არისტო ქვაშავიძეცაა. ბადრი ტაბატაძე ბეკინაცაა და ჯიმშერიც, თემურ კიკნაველიძე კი ვექილსა და კირილეს განასახიერებს .
მოგეხსენებათ, სპექტაკლში დაკავებულ მსახიობთა უდიდესი ნაწილი იმერელია,შესაბამისად მათ შესრულებაში იმერული კილო ორგანულად ჟღერდა . აქვე ვიტყვი,რომ ძალზე სასიამოვნო იყო ბადრი ტაბატაძისა და ნინო აბესაძის შესრულებული „ჩემო ციცინათელას“ მოსმენა.
ანასტასია ჩერნეცოვა