ჩალაუბანში მომხარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც 81 წლის მამაკაცმა 70 წლის ცოლი მოკლა, თანასოფლელები ,,კვირის პალიტრასთან” საუბრობენ.
“ლალი საოცრად კარგი ადამიანი იყო, ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა. ახლახანს გავიგე ეს ამბავი, თავის ქმარს, კაკოს მოუკლავს. რატომ მოხდა მათ სახლში ეს საშინელება, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ამბობენ, რომ ჩადენილია სასტიკი დანაშაული. როგორც მეზობელმა მითხრა, საწყალი ქალი საწოლზე ყოფილა წამოწოლილი, ეტყობა ისვენებდა და ამ დროს ქმარს თოფით მოუკლავს. შვილმკვდარი დედა იყო ლალი, რამდენიმე წლის წინ მათ სახლში დიდი ტრაგედია დატრიალდა, მისმა ახალგაზრდა ბიჭმა თავი მოიკლა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ამ ფაქტმა ძალიან გაანადგურა მშობლები. მას მერე 10-15 წელი იქნება გასული, ახლა კიდევ ეს საშინელი ამბავი მოხდა. რამ გადარია ეს კაცი, რატომ ესროლა, არ ვიცი. ვერც კაკოზე ვიტყვი ცუდს, რატომ უნდა დატრიალებულიყო მათნშორის ასეთი ტრაგედია.
კარგი ოჯახი ჰქონდათ, ორი კარგი ბიჭი გაზარდეს, კარგი რძლები და შვილიშვილები ჰყვათ. ერთი ბიჭი როგორც გითხარით გარდაცვლილია, მისგანაც ჰყავთ შვილიშვილები. მეორე ბიჭი თავის ოჯახთან ერთად ცალკე ცხოვრობს. ლალი და კაკო მარტო ცხოვრობდნენ. ლალი საოცრად კარგი ადამიანი იყო, ძალიან წყნარი, მშვიდი, გაწონასწორებული, უკონფლიქტო”.
ეს რა ჩაუდენია, თოფით მოუკლავს მძინარე ქალი, წამოწოლილი ყოფილა ლალი და უსვრია, ასე ამბობენ. ძალიან გამწარებული ოჯახი იყო, შვილმკვდარი ოჯახი. წარმომიდგენია ახლა მათი ოჯახის წევრები რა დღეში იქნებიან. ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა. მიზეზი ნამდვილად არ ვიცი. არსად არ მუშაობდა ლალი, ავადმყოფობდა როგორც ვიცი. ასეთი კარგი ადამიანი რატომ მოკლა, ძალიან განვიცადე”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და კრიმინალისტები მუშაობენ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. რა ჩვენება მისცა თავად ბრალდებულმა გამოძიებას, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შსს-მ ოფიციალური განცხადება უკვე გამოაქვეყნა:
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას ცოლს – 1953 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს სანადირო თოფით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.