14 ივლისს რუსეთში, ურალის ელქტროქიმიურ კომბინატში ურანის შემცველი რეზერვუარის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა რეზერვუარის ჰერმეტიზაციის დარღვევამ გამოიწვია, რის შედეგადაც ერთი კუბური მეტრის მოცულობის კონტეინერი გასკდა.
ქარხნის მფლობელი სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი” აცხადებს, რომ ინცინდენტი ლოკალიზებულია, მოსახლეობას რისკებს არ უქმნის და ცეხი გაწმენდილია. ფედერალურ სამედიცინო-ბიოლოგიურ სააგენტოში ადასტურებენ, რომ ტერიტორიაზე ქიმიური და რადიაციული დაბინძურების საფრთხე არ არსებობს.
ინცინდენტის გამო საწარმოში მყოფმა პერსონალმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და არცერთ მათგანს ჯანმრთელობის გაუარესება არ აღენიშნება.
გამოცემა “E1″ იუწყება, რომ ექსპერტების თქმით, ურანის ჰექსაფტორიდის შემცველი კონტეინერის დაზიანების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ეს არა რადიოლოგიური, არამედ ქიმიური საფრთხეა.
ნოვოურალსკის ხელმძღვანელმა, სადაც ქარხანა მდებარეობს, ვიაჩესლავ ტიუმენსევმა მოუწოდა ქალაქის მცხოვრებლებს, „პანიკას არ აყვნენ” და „არ გაავრცელონ შეტყობინებები მესინჯერების საშუალებით”
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, „რეზონანსთან” აცხადებს რომ ამ ეტაპზე გლობალური საფრთხეები არ არსებობს, ლოკალურ დონეზე კი იქნება რადიაცია.
„ურალში ბირთვულ ელექტროსადგურზეა საუბარი, ეს არის მესამე კატეგორიის. აქ არის ორი ტიპის ელექტრონული მოწყობილებობის მწყობრიდან გამოყვანა, რომლის აღდგენა რთული საკითხი არ არის, მაგრამ, გამოიწვია სერიოზული საფრთხე და მაინც თავი დაიზღვიეს.
„ეს არის მესამე კატეგორიის ტიპის კრიზისული სიტუაცია, ლოკალიზება მაინც და მაინც რთული არ არის, ის, რომ ეს უფრო არის ბირთვული ელემენტის გაჟონვაზე საუბარი, ლოკალური ტერიტორიის ფარგლებში, ეს არ იქნება მასობრივი ხასიათის.
„ბირთვული რადიაციის გაჟონვის მესამე კატეგორიის საფრთხე, ანუ მოხდა რეაქტორის გადახურება, დროზე არ ჩაირთო გამაგრილების სისტემა, დააგვიანა და მოხდა ლოკალურ დონეზე ბირთვული რადიაციის გაჟონვა.
„ამისთვის არსებობს საავარიო ტიპის გეგმები, A B C და რომელსაც აამოქმედებენ და მოახდენენ რეაქტორების დროებით გადაყვანას ავტომატური მართვის რეჟიმში. შეიძლება რამდენიმე რეაქტორი დროებით გამორთონ, რომ შეჩერდეს ზოგადი ტიპური განვითარება, სანამ არ მოხდება კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრა.
„ამ ეტაპზე ლოკალური ტიპის საფრთხე არსებობს, გლობალურ დონეზე საშიში არ არის, მაგრამ ლოკალურ დონეზე გარკვეულწილად შეიძლება მოხდეს რადიოლოგიური დაბინძურება. დაახლოებით საუბარია 5-დან 10 კილომეტრის ზონაში” – განაცხადა „რეზონანსთან” ვახტანგ მაისაიამ.
გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან” ასევე რადიაციულ საფრთხეებზე საუბრობს.
„ურალი ძალიან შორია ჩვენგან, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს იქნება ქიმიური კერების გავრცელება, ახლომდებარე მოსახლეობისთვის ეს იქნება საფრთხის მატარებელი. მე არ ვიცი რა ქიმიური რეაქცია იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან ადამიანი დაიღუპა, მოხდა მავნე გაზების გავრცელება, შესაბამისად, ეს იწვევს ადამიანებისთვის საფრთხეს.
„ჩვენამდე ეს ქიმიური ღრუბელი ვერ მოაღწევს, გამორიცხულია, მაგრამ, ეს არის რადიოლოგიური საფრთხე. რადიაციის გავრცელება კი მომაკვდინელებლად მოქმედებს ადამიანზე” – განაცხადა „რეზონანსთან” ვახტანგ კაპანაძემ.