პოლონეთში ფრინველის გრიპით კატების ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, პოლონეთის ჯანდაცვის უწყებებმა ქვეყნის მასშტაბით კატების უჩვეულო სიკვდილიანობის შესახებ მას გასულ თვეში შეატყობინეს, მათგან 29 კატა ფრინველის გრიპი H5N1-ით ინფიცირებული აღმოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ ვირუსი დაუდასტურდა 46 კატას და ერთ ტყვეობაში მყოფ კარაკალს. 14 ინფიცირებულ კატას ევთანაზია ჩაუტარეს, 11 კი მოკვდა.
სიკვდილის ბოლო შემთხვევა 30 ივნისს დაფიქსირდა.
როგორც ცნობილია, ინფიცირებულ კატებს აღენიშნებოდათ გამწვავებული სიმტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, სისხლიანი ფაღარათი და ნევროლოგიური ნიშნები, რიგ შემთხვევებში სწრაფი გაუარესებითა და სიკვდილით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კატებში ვირუსის გავრცელების წყარო ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს ეპიზოოტიური კვლევები.
გაერო-ს ჯანდაცვის სააგენტოს ცნობით, კატებში H5N1-ის სპორადული გავრცელება აქამდეც ფიქსირდებოდა, თუმცა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიდი ოდენობით კატაა ინფიცირებული ერთი ქვეყნის არეალში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 12 ივლისის მონაცემებით, ინფიცირებულ კატებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებში სიმპტომები არ გამოვლენილა და იქვე აღნიშნავს, რომ ყველა კონტაქტზე უკვე დასრულდა მეთვალყურეობის პერიოდი.
როგორც ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, ინფიცირებულ კატებთან კონტაქტის შემდეგ ადამიანის ინფექციების რისკი დაბალია.