50 წლის ცნობილი აფხაზი ე.წ. კანონიერი ქურდი “დინ რიდი”, იგივე თემურ ახუბა დღეს, რამდენიმე საათის წინ, მაშინ მოკლეს, როცა მისი მეგობრის ალხაზ აგრბას მოსახსენიებელ, გარდაცვალებიდან ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ სუფრაზე იყო.
ჩასაფრებულმა სნაიპერმა ე.წ. კანონიერი ქურდი მაშინ ამოიღო მიზანში, როცა ის ეზოში, მოსაწევად გავიდა და სუფრა დროებით დატოვა.
სნაიპერმა “დინ რიდს” სამი ტყვია ესროლა, გასროლებს შორის სხვაობა სულ ორი წამი იყო, ამიტომ რეაგირება ვერავინ მოასწრო: ახუბას ორი ტყვია თავში, მესამე კი – მუცელში მოხვდა.
კრიმინალური ავტორიტეტი ადგილზე გარდაიცვალა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მხოლოდ მისი სიკვდილი დააფიქსირა. მკვლელობა გუდაუთის რაიონის ტყიან სოფელ აბგარხუხში მოხდა.
წლისთავის სუფრას სხვა კრიმინალური ავტორიტეტები, მათ შორის, ისინიც ესწრებოდნენ, ვისთანაც ახუბას კონფლიქტი ჰქონდა, მაგრამ ოჯახში მათ შორის კონფლიქტი არ მომხდარა. ერთ-ერთი “ავტორიტეტი” – “პაკა”, ვისთანაც ახუბა კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებოდა, ოჯახიდან ადრევე წავიდა.
სოხუმელი თემურ ახუბა 2013 წლიდან ატარებდა “კანონიერი ქურდის” ტიტულს, მაგრამ 2017 და 2019 წელს მისი ტიტული დიდი დავისა და დაპირისპირების საგანი გახდა – რამდენიმე აფხაზმა და ქართველმა “ავტორიტეტმა” მისთვის ტიტულის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა.
სწორედ ამ დაპირისპირებას უკავშირებენ ახუბას მკვლელობასაც, რადგან ის “ავტორიტეტები”, ვინც მისთვის ტიტულის ჩამორთმევას უჭერდნენ მხარს (“ასტამური” და “ხასი”) სოხუმის სანაპიროზე, რესტორნის გარე პერიმეტრზე, ცეცხლსასროლი იარაღით, 2019 წელს დაცხრილეს.
წყარო: odishinews.ge