საქართველოში, განსაკუთრებით კი დასავლეთ რეგიონში, სოფლის განვითარების პრობლემა, მრავალი ათეული წელია, არ გადაჭრილა და ამ მიმართულებით მხოლოდ ცალკეული ნათელი წერტილები არსებობს.
პირველი პრინციპი სოფლის განვითარებისთვის, მაინც ადამიანთა დასაქმებაა. მოკლედ და კონკრეტულად _ ბოლო 30 წლის მანძილზე, ჩვენი ქვეყნიდან ხალხი მაინც უფრო გარბის, ვიდრე უკან ბრუნდება.
კონკრეტული რეგიონის, გურიის მაგალითზე, სადაც სოციალისტურ წარსულში ჩაი და ციტრუსი იყო ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, სოფელი ძალზე გაღარიბებული და მნიშვნელოვნად დაცლილია.
და მაინც, რა არის საჭირო იმისთვის, საჭირო, რომ სოფელი და აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობა განვითარდეს? სოფელში მცხოვრებმა მშრომელმა და ქვეყნის მოყვარე ადამიანმა იცის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება პირდაპირ კავშირშია ზოგადად სოფლის განვითარებასთან.
სოფლის რესურსები , ძირითადად, დრემდე არ არის სწორად გამოყენებული. მარტივად რომ გადავავლოთ თვალი, ღიად ჩანს, რომ გვაქვს უამრავი ხილი, დაფნა, ციტრუსოვნები, ასგზის ამოძირკვული და ნაწილობრივ გადარჩენილი ჩაიც კი და … ცარიელი მიწები.
რეგიონული განვითარების საკითხი კიდევ ცალკე თემაა. დღეისთვის ხდება ისე, რომ ქართველ კაცს, კონკრეტულად გურიაზე ვსაუბრობთ, რაც დაუტოვა წინაპარმა და გვაქვს ადგილზე, იმასაც ვერანაირად ვერ ვიყენებთ სრულფასოვნად.
მიზეზი?
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სოფელში მცხოვრები ადამიანი , გონიერი , გამოცდილი მეურნე, რიგითი მშრომელი არაერთხელ აღნიშნავს სოფლის დეგრადაციის, უკუსვლის მიზეზს, მას კარგად არავინ უსმენს.
ძირითადად, ადგილობრივი ფერმერები მიიჩნევენ და ჩვენი დაკვირვებით სწორადაც, რომ რაც სოფელში გვაქვს, ნებისმიერი რესურსი, ადგილზე მოხდეს მისი როგორც მოპოვება, მოყვანა, ისე გადამუშავება.
გურიაში, კონკრეტულად კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, არსებობს წყალში გადაყრილი უზარმაზარი რესურსი ტუნგის მცენარის სახით. ყველამ იცის, რომ კომუნისტურ ეპოქაში, აქ ციტრუსოვანბთან და ჩაის კულტურასთან ერთად, მოწინავე პოზიცია ეჭირა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და ყველაფერი ზედ მიჰყვა, ტუნგის გადამაუშავებელი საწარმოებიანად, ტუნგის ზეთის წარმოებაც შეწყდა. თუმცა, მცენარე აღმოჩნდა იმდენად გამძლე და სიცოცოხლისუნარიანი, გურიის სოფლებში, (კონჭკათი, მერია, ჭანიეთი, ქაქუთი, ხვარბეთი, შრომა და სხვა) საკმაო ფართობებზეა შემორჩენილი, გატყიურებული ფორმით. ეს არის უზარმაზარი გამოუყენებელი და წყალში გადაყრილი რესურსი, რომლის წარმოების აღდგენა ყველაზე ადვილად არის შესაძლებელი, თუ ნება იქნება!
_საოცარი მცენარეა. თავი კი არ გადაიშენა, უფრო გაძლიერდა. თუ გადაჭრი, ორმაგად იკეთებს ნაყარს. შეწამვლა არ სჭირდება და ღობეების შემოვლება. ხარობს ამ ჩვენს დალოცვილ მიწაზე, ოღონდ უსარგებლოდ, ასე სარგებლიანი, უნიკალური მცენარე. მისი სახით ახალი პროდუქტის თუ პროდუქციის შექმნა სავსებით შესაძლებელია და ეს არის საჭირო სწორედ ხალხის ადგილზე დასასაქმებლად, ეკონომიურად გასაძლიერებლად, რაც ბუნებრივად ხდება სოფლის განვითარების ძრავი და სტიმული – ამბობენ „გურია ნიუსთან“ სოფელ კონჭკათის მცხოვრებლები.
ისინი ასევე ამბობენ, რომ ტუნგი ერთ ჰექტარზე ათ ტონაზე მეტ მოსავალს იძლეოდა, განსხვავებით ბევრი სხვა კულტურისგან , იგივე შეფარდებით. ეს კი უდიდესი რესურსია, რომ უახლოეს მომავალში, თუ ნება იქნება, ტუნგის კულტურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი იქნეს სოფლის განვითარებისთვის, ეკონომიურად გაძლიერებისთვის.
ჩვენ ხშირად ვუსმენთ უმეტესად სოფლებში მცხოვრებ გამოცდილ აგრონომებს, წარმატებულ ფერმერებს, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს. ვეცნობით მათ თვალსაზრისს, რომლებიც ცალკეულ ნათელ წერტილებს წარმოადგენენ რეგიონში. ვეცნობით მათ რჩევებს, როგორ შეიძლება მოხდეს სოფლის განვითარება, რომელიც დღეისთვის დაცლის პირასაა.
_ სოფლის განვითარება უპირობოდ მიბმულია სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ცალ-ცალკე ეს არც მოიაზრება. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება ეკონომიკური განვითარების განმსაზღვრელია. ხურმას მოკრეფ? ადგილზე უნდა აწარმოო ჩირი. ჩაის მოკრეფ? ადგილზე უნდა მოახდინო გადამუშავება. სხვათა შორის, კომუნისტებიც მიხვდნენ ბოლოს (თუმცა, დაგვიანებული იყო), რომ აგრო კომბინატები შეექმნათ, სადაც ნედლეულის როგორც წარმოებას, ისე გადამუშავებას ახდენდნენ. მაგალითად, იყო ასეთი კომბინატები ნარუჯაში, ლაითურში და სხვაგანაც. ასევე იყო ჩაის დიდი მეურნეობები. რაც კარგი იყო, ისეთი გამოცდილების და ფორმის გადმოტანა სავსებით შესაძლებელია. ფერმერული მეურნეობების შექმნა სოფლებში უდავოდ გამოიწვევს ეკონომიკურ გაძლიერებას. სოფლის პროდუქტი უნდა დამუშავდეს სოფელში. ანუ გადამუშავდეს და ადგილზე მოხდეს რეალიზაცია. უმეტესად მაინც. ეს არ ხდება და ამიტომაც იცლება სოფელი. ხალხი გარბის სამუშაოს საძებნელად. ტყუილად ნურაფერს დააბრალებს ნურავინ გლეხკაცს! არავის არ უხარია საკუთარი კარმიდამოდან გაქცევა! იძულებით გარბის! უცხოელი რომ მოდის, არ აქვს მნიშვნელობა, რუსია თუ თურქი, მას ფული აქვს. გადასარევად მოსწონს გარემო, ეს ქვეყანა და იწყებს საქმიანობას! მერე მავანი იძახის, რომ ვიღაც ძალიან ზარმაცია და გარბის, ვიღაც ვერ აზროვნებს…იცით, პირველ რიგში ისაა სამკურნალო, ვინც საკითხს ასე უყურებს, – გვეუბნება გამოცდილი ფერმერი აკაკი ღლონტი.
დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად გურიაში, სადაც სოფლის განვითარება მცირე წინსვლით შეიმჩნევა და ვინც დარჩა აქ მაინც იმედით უყურებენ მომავალს, ბოლო პერიოდში არაერთი მცირე თუ ინდმეწარმე გამოჩნდა არენაზე. განსაკუთრებით სოფლის ტურიზმის განვითარების გზაზე. ამ ადამიანებმა, დიდი პრაქტიკული გზის გავლის შემდეგ, ყველაზე უკეთ იციან, რა სჭირდება სოფლის განვითარებას და როგორ შეიძლება ძლიერი ნაბიჯის გადადგმა.
_სოფლის განვითარებისთვის, სოფლის მეურნეობის განვითარების გზაზე, პარალელურად უნდა განვითარდეს მეწარმეობა. ეს განვითარება უნდა მოიცავდეს პირველი პროდუქტის მოყვანას და მერე მის გადამუშავებას. სოფლის განვითარების არსი არის სოფლის ეკონომიურად განვითარება და გაძლიერება. რძეს რომ მოწველის, ვთქვათ, 15 ოჯახის დიასახლისი, იქვე უნდა იყოს მცირე რძის საწარმო. ადამიანი რომ რძეს აქ ჩააბარებს, იქმნება პროდუქტი. ადგილზე შექმნილი პროდუქტი აქვე იყიდება. ანუ ვის რა შეუძლია, აკეთებს ადგილზე. ეს კი ქმნის ფერმერის, მეწარმის ეკონომიურად გაძლიერების შანსს. ძალიან დიდი საშუალებაა სოფლის ეკონომიურად გასაძლიერებლად სოფლის ტურიზმი. ამ დროს, კარგად შეფუთული და შეთავაზებული პირველადი თუ გადამუშავებული პროდუქტი, თითუეული მეწარმის ეკონომიურ გაძლიერებაზე მიანიშნებს. თუ ეს პროცესი სტაბილური გახდება, სოფლიდან კი არ გაიქცევა ხალხი, დაბრუნდება! სასწაულია მაგალითის ძალა! მე პირადად, ამ ხაზს მივყვები, _ ამბობს ჩვენთან საუბარში „სკიჯის“ დამფუძნებელი, მეწარმე დაკა ბერძენიშვილი.
ასევე ტურისტული ლოკაცია „კომლის“ ლიდერი, ლია მეგრელაძე მიიჩნევს, რომ სოფლის განვითარების გზაზე უდიდესი გამოწვევა ჩანს _ თვით ეს სოფელი ახალგაზრდებისგან დაცლილია.
_ეს არის მთავარი პრობლემა! ასეთ დროს მაინც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მაგალითის ძალას. მე პირადად შევეცადე, დამეწყო და ვცდილობ გავაგრძელო საქმე იმ რესურსის გამოყენებით, რაც მაქვს! მოგეხსენებათ, გურიაში, ჩაის კულტურა გადამწყვეტ როლს თამაშობდა ადგილობრივთა ეკონომიურ გაძლიერებაში. მე ცემს ეზოში შემორჩენილი პატარა პლანტაცია გამოვაცოცხლე და საქმე დავძარი. ამ გზაზე კი , შესაძლოა, ადვილად არა, მაგრამ მაინც გამოჩნდება დამხმარე ძალა, რაც პროცესს გაგვიადვილებს, თან გაგვაძლიერებს! გაბედვაა მთავარი. ვცდილობ, სოფელში შევქმნა ისეთი ადგილი, სადაც მოუნდებათ მოსვლა, პირდაპირ ვთქვათ, ფინანსის დახარჯვა. ეს კი ეკონომიური გაძლიერების , თავისთავად სოფლის განვითარების დასაწყისია. სოფლის ტურიზმი ახლა ძალზე პოპულარულია და ამას სჭირდება თანდათან სწავლა. მიმაჩნია, რომ მაგალითის ძალა არის მთავარი , ასე ვთქვათ, დამქოქავი მოვლენა, _ ამბობს ის.
ტურისტული ლოკაცია „პლანტაციას“ დამფუძნებელი , ლანა ჟღენტი ასევე მიიჩნევს, რომ მაგალითის ძალა შესაძლოა გადამწყვეტი არ იყოს, მაგრამ უმიშვნელოვანესი ფაქტორია გამოწვევის გზაზე, რომ სოფელი უნდა განვითარდეს:
_ პროფესიით ხელოვანი ვარ, კინოხელოვნების ფაკულტეტი დავამთავრე. თუმცა, ერთ დღესაც წამოვედი სოფელში და ჩაის მწკრივებს შორის ჩავდექი…ეს იყო უდიდესი რისკის, გასაჭირის და თვითგამოცდის დღეებიც. დღეს კი წარმატება მოვიდა, რაც ჩემი მშობლიური სოფლის მელექედურის ეკონომიკური წინსვლის გზაზე, ერთი აგურის დადება მაინც იქნება, ახლა ჰაერივით საჭიროა საჭიროა მაგალითების შექმნა, – ამბობს ის.
თავისით არაფერი არ განვითარდება, თუ სწორი მიმართულება და დახმარება არ მოხდა, _ მიიჩნევენ გურული მეწარმეები.
როცა მაგალითის ძალას უმთავრეს პირობად მიიჩნევენ სოფლის განვითარების გზაზე, ამ მაგალითის მაჩვენებელი ხალხი, ჩვენი მშრომელი ადამიანები, პირველ რიგში უგულვებელყოფილი არიან ბანკებისგან. სესხის ის ფორმა, რაც არსებობს, ამავე ხალხის აზრით, არანაირად არ არის ისეთი ჟესტი, რომლითაც თვით ბანკი ხალხთან ლოიალურია, მეგობრულია, რათა ასწავლოს გადახდა რბილი პოლიტიკით, შეაძლებინოს ღირსეული შრომა, დააინტერესოს და მისცეს შანსი, რომ შეძლოს მოგების დაწყება და მერე ვალის გადახდა.
_რეგიონს სჭირდება სპეციფიკური აგრობანკი, რომელიც მხოლოდ სოფლის მეურნეობის სესხებს უნდა ემსახურებოდეს! ეს უნდა იყოს გრძელვადიანი და არა შაბლონში ჩამჯდარი.ევროპულ ქვეყნებში ამის უამრავი მაგალითი არსებობს! ბანკი კი არ უნდა ატყავებდეს, ასე ვთქვათ, გლეხკაცს, არამედ პროექტებს უნდა აწერინებდეს სოფლის მეურნეობის მიხედვით განსწავლული სპეციალისტების მეშვეობით. ძალიან კარგია გრანტი, დახმარება, მაგრამ მეწარმის სრულყოფისთვის, მისი ბიზნესსაქმიანობის განვითარებისთვის ეს თანხა არასდროსაა საკმარისი. თუ რამ შეუძლია სხელმწიფოს, ეს არის იაფი, გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხის გაცემა. ეს იქნება იდეალური მოდელი, რაც განავითარებს სოფელს. გლეხს არც ფული აქვს, არც საწარმო, მხოლოდ მიწა აქვს! დღეს არსებული დაბალპროცენტიანი სესხით, სადაც მე პირადად 13%-ს კი მიხდის სახელმწიფო და მთლიანად იპოთეკით მაქვს დატვირთული, სამწლიანი ვადა აქვს! მეოთხე წელს კი სახელმწიფომ მიმატოვა! მშრომელ კაცს ყულფში არ უნდა გააყოფინო თავი! ამავე დროს მოხდა ინფლაცია და სამპროცენტიანი გადახდა ათპროცენტიანი გამიხდა! ბანკმაც უნდა აჩვენოს მაგალითის ძალა! დღეს არსებული მიდგომით საქმე სრულფასოვნად არასდროს გაკეთდება! _ საუბრობს „გურია ნიუსთან“ ოზურგეთელი ბიოფერმერი, მეწარმე, ჩვენი აქტიური რესპოდენტი წლების მანძილზე დავით თენიეშვილი, რომელიც სოფელ ბახვში ცხოვრობს.
ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ დავით თენიეშვილი, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეკონომიკის სამინისტროში იხმეს და საინტერესო, არატრადიციული ენერგეტიკის ხელშეწყობის და განვითარების სამმართველოს უფროსად დანიშნეს. თუმცა წელიწადი და 8 თვე იმუშავა. შემდეგ კი…უკანმიუხედავად გამოიქცა! საკუთარი განცხადებით დატოვა სამსახური!
_მე მომეწონა მაშინ, რომ ხელისუფლებამ ასეთ საინტერესო თემაზე იფიქრა. თუმცა, როცა მუშაობის დროს, მხოლოდ პიარი გამოიკვეთა და ხალხს ვერანაირად ვერ მივცემდი მაგალითის ძალას, დავიხურე ქუდი და წამოვედი… _ამბობს ბატონი დათო.
დავით თენიეშვილი დღეს საქართველოსთვის, კონკრეტულად გურიის რეგიონისთვის უდიდეს დახმარებად მიიჩნევს ევროკავშირის მიერ გამოწვდილ ხელს.
_ პროექტი „მწვანე გურია“, რომელიც ეხმარება გურიის რეგიონს სიღარიბის დაძლევაში, სწორედ სოფლის განვითარებაში, გარემო პირობების გაუმჯობესებაში, უდიდეს როლს ითამაშებს. ოღონდ, როცა ასეთ დროს იქმნება ე.წ. ლაგები, განსაკუთრებით აუცილებელია სწორი ხედვა! აუცილებელია მეცნიერების (საბედნიეროდ ანასეულის ინსტიტუტს ჯერ კიდევ ჰყავს „ოქროს თავები“) და პრაქტიკოსი ფერმერების ერთ გუნდად შეკვრა, შეერთება. ასე შედგება, ასე ვთქვათ, რეგიონის განვითარების ფორმულა! ეს კი თავისთავად იქნება სოფლის საფუძვლიანი განვითარების დასაწყისი, რომლის გაგრძელება და კიდევ უფრო განვითარება უნდა შეძლოს ჩვენმა დაფასებულ შრომას მონატრებულმა მშრომელმა ხალხმა! _ ამბობს ცნობილი მეწარმე და ბიოფერმერი და ხაზს უსვამს საყოველთაო მაგალითის ძალას, როგორც მცირე მეწარმეთა , ისე საბანკო სექტორის მხრიდან.
ავტორი